ერთ-ერთი რთული მონაკვეთია მარჯვენა სანაპირო, კონკრეტულად კი თამარ მეფის პანდუსთან, სადაც არის დატბორილი გზის მონაკვეთი, თუმცა სანიაღვრე სისტემა მუშაობს, მაგრამ იმდენი ნალექია, რომ უბრალოდ ვერ აუდის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„იყო პრობლემები გლდანის რაიონში, ასევე დიდუბეში, ერისთავის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დატბორილი იყო გზის მონაკვეთი და გადაადგილება შეუძლებელი იყო. რამდენიმე მანქანა იყო გაჩერებული, რომლებიც გამოვიყვანეთ მშრალ ადგილზე. სხვა მხრივ, რამდენიმე ქუჩასა და გამზირზე ხეები იყო წაქცეული, ეს მონაკვეთები უკვე გასუფთავებულია. მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობას მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ. მინდა მადლობა გადავუხადო შსს-ს, საპატრულო პოლიციას, სამაშველო ჯგუფებს, რომლებიც ახლაც გვეხმარებიან და ჩვენთან ერთად მუშაობენ“, - აცხადებს კალაძე.
თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს - დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.