logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ღირსება აქვს ქართველ ადამიანს! ბოლოს და ბოლოს, ევროკავშირი წმიდათაწმიდა ორგანიზაცია ხომ არაა?!
- +

30 აგვისტო. 2023. 09:51

 

 

ახლა გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა, წინ წავიწიოთ“, - ამ სიტყვების ავტორი ევროპული საბჭოს პრეზიდენტია. შარლ მიშელმა, ევროკავშირი გაფართოების წლად 2030 ლი დაასახელა და აღნიშნა, რომ ივნისში კანდიდატის სტატუსი მიენიჭა უკრაინასა და მოლდოვას, ახლა კი, იგივე სტატუსი ელის საქართველოს, თუმცა, მხოლოდ მაშინ, როცა საქართველო „საჭირო ნაბიჯებს გადადგამს. მიშელის ეს განცხადება საქართველოში სხვადასხვანაირად აღიქვეს. საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილისთვის, ეს პოზიტიური გზავნილი იყო, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მეორე ნაწილი კი, მიიჩნევს, რომ მსგავსი დაპირებები, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში არაერთხელ მოგვისმენია და ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია ისევ ლიტონი სიტყვების მოსმენა! როგორ აღიქვა ეს განცხადება საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა და ხალხის ძალის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა? დღეს დეპუტატი „რეპორტიორის“ სტუმარია...

 

 

- ბატონო გურამ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადება, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილმა სხვადასხვანაირად აღიქვა. ხელისუფლებამ მასში სხვა გზავნილები დაინახა, ოპოზიციამ კი სრულიად სხვა ახსნა მისცა. აზრთა სხვადასხვაობაა საზოგადოებაშიც... თქვენ როგორ გაიგეთ შარლ მიშელის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის იგეგმება?

 

- პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, კარგია, რომ მასში იკითხებოდა ის პოზიტიური გზავნილი, რომლის მიხედვითაც, ისინი საქართველოს მომავალს ევროკავშირში ხედავენ. თუმცა, აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ ვადების ასეთი უკიდეგანო გადაწევა ქართველ ხალხში ევროსკეპტიციზმს აღრმავებს და ეს ხელს უწყობს რუსულ პროპაგანდას! ყველასთვის ცნობილია, რომ იმ სამ ქვეყანას შორის (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო), რომლიდანაც ორი უკვე კანდიდატის სტატუსის მატარებელია, საქართველო, ევროპელებისავე შეფასებით, ყოველთვის პირველ ადგილზე იყო. სწორედ ამიტომ, ქართული საზოგადოება ბუნებრივად და ობიექტურად მოელოდა შარშანაც და მოელის წელსაც აღნიშნული სტატუსის მიღებას. ანუ, შარლ მიშელის განცხადება, ერთი მხრივ, პოზიტიურია, მეორე მხრივ კი, როგორც უკვე გითხარით, აღრმავებს ევროსკეპტიციზმს და არის რუსული ნარატივით გაჯერებული. დააკვირდით, ვინ არის დღეს წინააღმდეგი, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი? ეს არის რადიკალური ოპოზიცია და რუსეთის ფედერაცია! საბოლოო სიტყვა ევროკავშირზეა, ახლა მათი გადასაწყვეტია, რუსეთისა და რადიკალური ოპოზიციისთვის მისაღებ და ქართველი ხალხისთვის მიუღებელ გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ - პირიქით!

 

- ბატონო გურამ, რომ დაგვიკონრეტოთ, რუსული ნარატივის გატარებას საქართველოში როგორ უწყობს ხელს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი?

 

- მე ხომ არ მითქვამს, შარლ მიშელი ატარებს რუსულ ნარატივს-მეთქი, მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ ამ ტიპის განცხადებები ქმნის ხალხში ევროსკეპტიციზმს! რიგითი მოქალაქე ხედავს, რომ საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს ჩაბარებული გამოცდა (რაც ნათლად ჩანს კიდეც, თავად ევროკომისიის შეფასებებში) და ამ დროს, იმასაც ხედავს, რომ დაუმსახურებლად, ვაჭრობის საგნად გვიქცია ევროკავშირმა ეს საკითხი. საქართვლო ამას არ იმსახურებს! არ გამოდის ეს რუსეთის ნარატივი?! იმედს გამოვთქვამ, რომ რუსეთისა და რადიკალური ოპოზიციის ინტერესები და ბრიუსელის ინტერესები ერთმანეთს ბოლომდე არ დაემთხვევა!

 

- შარლ მიშელმა ევროკავშირის გაფართოების კონკრეტული თარიღი - 2030 წელი დაასახელა... თქვენ როგორ აღიქვით, ეხებოდა ეს თარიღი საქართველოს, თუ მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებსაც უკვე აქვთ კანდიდატის სტატუსი და ჩვენზე გაცილებით დიდი ხანია ელოდებიან კავშირის სრულფასოვან წევრობას?

 

- პირდაპირ გეტყვით, ცუდია ამგვარი ორმაგი მნიშვნელობის მქონე განცხადებების კეთება! რატომ უნდა ვივარაუდოთ რამე, რატომ უნდა ვიმარჩიელოთ?! აი, სწორედ ასეთი სკეპტიკური განცხადებები რომ გაკეთდა 2008 წლის ომის შემდგომაც, ამან მოიტანა 2014 და 2022 წლების მოვლენები უკრაინაში. სხვათაშორის, ამას ახლა თავადაც აღიარებენ და ამბობენ, შეგვეშალაო, მაგრამ ახლა კვლავ იმავეს იმეორებენ?! დამიჯერეთ, თუ ისევ გააგრძელებენ იმავე ნარატივის გატარებას, რა ნარატივითაც იყო გაჯერებული მათი განცხადებები 2008 წლის ომის შემდგომ, ამას რუსეთიც და ნებისმიერი ის ძალაც, რომელსაც არ სურს საქართველოს ევროკაშირში გაწევრიანება, სათავისოდ გამოიყენებს. მათ ქართველ ხალხს შეუქმნეს დაუსრულებელი მოლოდინი და დამოკლეს მახვილივით დაგვკიდეს თავზე რაღაც გაუგებარი ამოცანები, მითუმეტეს, რომ საქართველოს ჩაბარებული აქვს ყველა გამოცდა.

 

- ბატონო გურამ, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ საქართველოში ევროკავშირს ყველაზე დიდ ანტირეკლამას თავად ევროკავშირის ლიდერების განცხადებები უკეთებს?

 

- ყველა მათგანს არ ვგულისხმობ თავისთავად, მაგრამ მათი ნაწილის განცხადებები აჩენს ევროსკეპტიციზმს, ევროსკეპტიზიმი კი, ანტირეკლამაა, აბა რა არის?! სამათხოვროდ ხომ არ გვაქვს საქმე?! ბოლოს და ბოლოს, ქართულმა საზოგადოებამ არამარტო შრომა გაწია, არამედ საერთაშორისო მისიებში სისხლი დაღვარა, ისინი კი ახლა გვევაჭრებიან, ხელისუფლებას უკანონოდ თუ არ შეცვლით და ტაკიმასხარებს თუ არ მოიყვანთ ქვეყნის მმართველობაში, კანდიდატის სტატუსს ან მოგცემთ, ან არაო! ანუ, ქართველ ხალხს ეუბნებიან, თქვენ კი არ უნდა გადაწყვიტოთ, მე უნდა გიკარნახოთ, ვინ უნდა გყავდეთ ხელისუფლებაში, და მხოლოდ ამის შემდეგ მოგცემთ კანდიდატის სტატუსსო. წარმოუდგენელია! ეს რომელ დემოკრატიულ პრინციპში ჯდება ან რომელ ევროპულ ღირებულებებში წერია?! აი, ზუსტად ეს არის ევროკავშირის ანტირეკლამა საქართველოში!

 

- და მაინც, მოგვცემენ წლის ბოლოს კადიდატის სტატუსს თუ გვეტყვიან, აი, დეპოლარიზაცია ან დეოლიგარქიზაცია ვერ ჩაატარეთო, ან რაიმე სხვა მიზეზს გვიპოვიან და კვლავ უსტატუსოდ დაგვტოვებენ?

 

- ჩვენ ადრეც ვამბობდით და ახლაც ვიმეორებთ, რომ ქართველმა ხალხმა დაკარგა ინტერესი იმის მიმართ, მოგვცემენ თუ არა ამ სტატუსს, ღირებულება დაკარგა ამ ფაქტმა! ევროკავშირში გაწევრიანება თვითმიზანი ხომ არაა?! ევროკავშირში გაწევრიანება გვინდა იმის გამო, რომ ევროპული ღირებულებები გვაქვს, ევროპასაც უნდა ჩვენთან და ჩვენც გვინდა ევროპასთან. ამ დროს კი შენ, ევროკავშირი (და არა ევროპელი ხალხი), თუ ამას სავაჭრო საგნად მიქცევ, დემოკრატიული ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას, ლგბტ პროპაგანდას, ტრადიციების საწინააღმდეგო ნაბიჯებს მომთხოვ და მეტყვი, ყოველივე ამის გარეშე არ მიგიღებთო,  ჩვენი საზოგადოება ნამდვილად დაკარგავს იმ ინტერესს, რა ინტერესიც აქამდე ჰქონდა!

 

- გეთანხმებით, სოციალურ ქსელში კომენტარებს რომ ვკითხულობდი, ცხადად შესამჩნევი იყო ეს სკეპტიციზმი...

 

- რა თქმა უნდა! ქართველ ადამიანს, ქართულ საზოგადოებას ღირსების გრძნობა აქვს. ბოლოს და ბოლოს, ევროკავშირი წმიდათაწმიდა ორგანიზაცია ხომ არაა?! ხედავს ღირსეული ქართველი ადამიანი, რომ აპამპულავებენ მას და ასეთი არაფერი უნდა! მოვა დრო და ევროკავშირში მოვლენ ის ლიდერები, რომლებიც დააფასებენ საქართველოს სწრაფვას და მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას.

 

- და მაინც, თუ არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, ხომ არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ ოპოზიციამ სათავისოდ გამოიყენოს ეს ფაქტი და ქვეყანაში მორიგი დესტაბილიზაცია დაიწყოს?

 

- როგორც კანდიდატის სტატუსის მიმართ კლებულობს ინტერესი, ისევე კლებულობს ოპოზიციის მხარდაჭერაცა და მათდამი ინტერესიც! აი, ხომ ხედავთ, იშლება „ნაცმოძრაობა“, კეთროვანივით არ იკარებენ მას და ამის გამო, ძველი სახეების შეერთება მოუწიათ... ოპოზიცია კარგავს მხარდამჭერებს და მათ მიმართ ინტერესიც, რომ იტყვიან, თვალსა და ხელს შუა ქრება!

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner