ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა იწყება - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.
მერის თქმით, სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენისა და შეკეთების მიზნით დახმარება 145 ოჯახს გაეწევა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შემდეგი ეტაპისთვის კი უკვე მომზადდა 1 912 329 ლარის ღირებულების საპროექტო და ხარჯების ამსახველი დოკუმენტაცია, რომლითაც მოხდება სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
„ვიწყებთ 2023 წლის 9-11 ივლისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პირველ ეტაპს - სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენისა და შეკეთების მიზნით დახმარებას გავუწევთ 145 ოჯახს, რისთვისაც საქართველოს მთავრობამ 470 000 ლარი გამოგვიყო, ჯამში 2022-2023 წლებში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 1000-ზე მეტ ოჯახს დავეხმარეთ. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შემდეგი ეტაპისთვის კი უკვე მომზადდა 1 912 329 ლარის ღირებულების საპროექტო და ხარჯების ამსახველი დოკუმენტაცია, რომლითაც მოხდება სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაცია. სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად დაგეგმილი სამუშაოები შეეხება ქალაქისა და მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ზემო ნატანები, მთისპირი, მაკვანეთი, ჭანიეთი, ნატანებში ლეკურას და დონაურის უბნები, ქ.ოზურგეთში ხვედელიძის ქუჩა, ჩოხატაურის ქუჩა, სოფელი მშვიდობაური და გურიანთა“, - განაცხადა, ოზურგეთის მერმა.