მიმდინარე წელს ევროკავშირი რუსეთიდან რეკორდული რაოდენობის თხევად ბუნებრივ აირს შეიძენს, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელს 2027 წლისთვის რუსულ წიაღისეულ საწვავზე სრულად უარის თქმა აქვს დაგეგმილი. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „Global Witness“-ის მონაცემებზე დაყრდნობით „The Financial Times“ წერს.
მიმდინარე წლის პირველი 7 თვის განმავლობაში ბელგია და ესპანეთი ჩინეთის შემდეგ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი იმპორტიორები არიან.
საერთო ჯამში, 2021 წლის პირველ 7 თვესთან შედარებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი 40%-ით გაიზარდა. ეს განპირობებულია იმით, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ევროკავშირი არ ყიდულობდა დიდი მოცულობით თხევად ბუნებრივ აირს, ვინაიდან გაზს გაზსადენის საშუალებით იღებდა. თუმცა ეს ზრდა გაცილებით მაღალია მსოფლიო საშუალო მაჩვენებლის ზრდასთან შედარებით, რომელიც 6%-ს შეადგენს.
„Global Witness“-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის განმავლობაში ევროკავშირის მიერ იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირის ღირებულება 5,29 მილიარდ ევროს შეადგენს.
„არ აქვს მნიშვნელობა, ეს [გაზი] მილსადენით მოდის თუ ნავით - ეს მაინც ნიშნავს, რომ ევროპული კომპანიები მილიარდებს აგზავნიან ვლადიმირ პუტინის ომის ყულაბაში“, - აცხადებს „Global Witness“-ის წარმომადგენელი ჯონათან ნორონა-განტი.