დღეს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაკარგულთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ თანაუგრძნო იმ მწუხარების გამო, რაც ოჯახის წევრისა და ახლობლის უგზო-უკვლოდ დაკარგვას ახლავს.
მემორიალთან ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმართა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ფონდ „მოლოდინისა“ და ოჯახური კომიტეტების წევრთა ორგანიზებით და მონაწილეობით ჩატარდა.
ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯანაშვილი, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი ლევან ამირიძე და სამსახურის თანამშრომლები.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დღე 1981 წელს, კოსტა რიკაში, ლათინურ ამერიკაში დაარსდა. საქართველოში კი, ამ დღეს, ოფიციალურად, 2003 წლიდან აღნიშნავენ.
საქართველოში, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, 2049 სამხედრო და სამოქალაქო პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა; მათი ოჯახები, ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო, გაურკვეველ ვითარებაში, მრავალი წლის მანძილზე იმყოფებიან. 2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, ორი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, რომელთაგან ერთი - 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე - 90-იანი წლებისა და 2008 წლის ცხინვალის რეგიონში წარმოებულ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს, სულ მოძიებულია 601 ნეშტი, რომელთაგან 243 ოჯახებს გადაეცათ.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემისთვის, ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი, მუშაობას, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.