ბათუმის ბულვარში ახალი სკვერი მოეწყობა. სუბტროპიკული მცენარეებითა და მექსიკური ელემენტებით დატვირთული ახალი სკვერი გრიბოედოვისა და რუსთაველის ქუჩების კვეთის მიმდებარედ 400 კვ.მ ფართობზე გაშენდება.
პროექტის მიხედვით დაგეგმილია ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, კერძოდ: ფილების დაგება, ბუნებრივი ქვის ფორმირებული სკამების მთლიან პერიმეტრზე განთავსება, დეკორატიული შადრევნისა და განათების მონტაჟი.
საპროექტო სივრცეში სხვადასხვა სახეობის 2 700 ძირამდე ხე-მცენარე დაირგვება. მათ შორისაა, სუკულენტები, კაქტუსები, აგავები, ზეთის ხილი, სელი და ა.შ. სკვერის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავარჯიშო ტრენაჟორები მოეწყობა. ახალი სკვერი დამატებითი მიზიდულობის ადგილს შექმნის ბულვარის ვიზიტორებისთვის.