ავტორი თაკო კვარაცხელია
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო 16 გუნდს შორისაა! სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ეროვნული გუნდი, ორი გამარჯვებითა და ერთი მარცხით, მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა და ისტორია დაწერა! წინ კი, ურთულეს მეტოქეებთან, გერმანიისა და ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებებთან მატჩები გველოდება... „რეპორტიორის“ სტუმარია ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის ასისტენტი, მანუჩარ მარკოიშვილი.
- მანუჩარ, მინდა ჩვენი ინტერვიუ მადლობით დავიწყო და „რეპორტიორის“ გუნდისა და მკითხველის სახელით, მადლობა გადავუხადო ჩვენს არაჩვეულებრივ კალათბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს, მთელ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს და პირად თქვენ, იმ შედეგისთვის, რა შედეგითაც ასე გაგვახარეთ! რაც შეეხება ჩემს პირველ შეკითხვას... სამი მატჩი უკვე ვითამაშეთ, აქედან ორი მოვიგეთ და მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადავედით. განვლილი მატჩების შეფასებით, რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ, რა იყო საქართველოს ნაკრების ძლიერი მხარე და სად დავუშვით შეცდომები, მომდევნო მეტოქეებთან, რა სისუსტეები გვექნება გამოსასწორებელი?
- მეც ვუერთდები თქვენს მადლობას, რომელიც ეკუთვნის როგორც მოთამაშეებს, სამწვრთნელო გუნდს, ექიმებსა და მთლიანად ფედერაციას, ასევე ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც ამ გამარჯვების თანამონაწილეა. ისინი, უზარმაზარი მანძილის მიუხედავად, ჩამოჰყვნენ გუნდს და პირველიდან ბოლო წუთამდე ხმას, ენერგიასა და გვერდში დგომას არ გვაკლებენ და გვეხმარებიან, რომ ვიყოთ მეტად ოპტიმისტურად განწყობილნი! რაც შეეხება ჩვენი ნაკრების ძლიერ და სუსტ მხარეებს... სუსტი მხარეები უკვე კარგა ხანია გამოკვეთილია. სამწუხაროდ, იმდენი დრო არ გვაქვს, რომ მომდევნო მატჩებამდე ისინი სრულად აღმოვფხვრათ. კარგი ის იყო, რომ გუნდმა ადვილად შეძლო ადაპტაციის გავლა და ეს ადაპტაცია გაიარა მოედანზევე. მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ თამაშის მსვლელობის დროსვე შეგვემჩნია ჩვენი შეცდომები, გამოგვესწორებინა ისინი, მივყოლოდით იმ გეგმას, რაც თამაშის წინ დავისახეთ. ბიჭებმა ეს ყოველივე წარმატებით შეასრულეს. რაც შეეხება განვლილი სამი თამაშის შეფასებას, ჩვენი მიზანი იყო, რომ ქვეჯგუფიდან გავსულიყავით, რასაც მივაღწიეთ და რაც ძალიან დიდი წარმატებაა! ჩვენ მსოფლიოს ტოპ-16-ში ვართ, რაც ისტორიული შედეგია!
- თუმცა, როგორც კი ერთი წარმატება დგება, გულშემატკივრებს კიდევ უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობის სურვილი უჩნდებათ... ფაქტია, რომ მომდევნო ქვეჯგუფის მატჩებში, ძალიან ძლიერ მეტოქეებთან დაპირისპირება მოგვიწევს... როგორ აფასებთ საქართველოს ნაკრების შანსებს გერმანიისა და ავსტრალიის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ?
- ალბათ, შანსებზე ლაპარაკი ახლა არამართებულია, თუმცა, რაშიც დარწმუნებული ვარ, ისაა, რომ იმ შედეგით, რომლის მიხედვითაც ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო 16 გუნდს შორის ვართ, სხვა გუნდებისთვისაც უფრო ანგარიშგასაწევი კონკურენტები გავხდით. ვფიქრობ, ამ ფაქტის გათვალისწინებით, მათი მხრიდან მეტი პატივისცემაც დავიმსახურეთ, უყურადღებოდ არცერთი მათგანი არ დაგვტოვებს და არცერთი მათგანი არ იფიქრებს, რომ ჩვენ ადვილად დაგვამარცხებს. ის ინდივიდუალური სტილი და ხასიათი, რაც ჩვენს გუნდს გააჩნია, მომდევნო თამაშებში უფრო გამოიკვეთება და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ! მართლაც ძალიან რთული მეტოქეები გვეყოლებიან, ადვილი ბრძოლა არ გველოდება, თუმცა, დანებებას ნამდვილად არ ვაპირებთ!
- მანუჩარ, გარდა ფიზიკური მომზადებისა, რამდენად მნიშვნელოვანია ათლეტისთვის ფსიქოლოგიური მომზადება და როგორ ფიქრობთ, ჩვენი კალათბურთელები მზად არიან იმისთვის, რომ უძლიერეს გუნდებთან შეხვედრისას შინაგანად არ გატყდნენ?
- პროფესიონალი კალათბურთელის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი, მისი ფსიქოლოგიური მზაობაა, რათა ის არ შეუშინდეს არანაირ სიტუაციას. ეს ერთ დღეში ვერ მიიღწევა და წლების მუშაობა სჭირდება იმას, რომ მტკიცე ნერვები, გამძლე ხასიათი და კონკრეტულ მომენტში, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების უნარი გამოიმუშავო, რომ არ დაგთრგუნოს გარემოებებმა და არ დაკარგო მოტივაცია. ჩვენ ძალიან გამოცდილი მოთამაშეები გვყავს, საქართველოს ნაკრების კალათბურთელები უმაღლეს დონეზე თამაშობენ და მათი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დონიდან გამომდინარე, ფსიქოლოგიურად, ალბათ, ნაკლებად გაუჭირდებათ.
- დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ასეთი მაღალი შედეგი აქამდე არასოდეს გვიჩვენებია. თქვენი აზრით, რამ შეუწყო ხელი იმას, რომ ასეთი დიდი წარმატებისთვის მიგვეღწია და მომავალში, რა იქნება გასაკეთებელი იმისთვის, რომ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მივაღწიოთ?
- ძალიან კარგი შეკითხვაა, თუმცა რთული იქნება მასზე პასუხის გაცემა. შედეგი მთელი გუნდის დაუღლელმა შრომამ და ლიდერების ინდივიდუალურმა მონაცემებმა მოიტანა. თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა გვყავს ისეთი მოთამაშე, რომელიც გაუთვალისწინებელი ფაქტის ან ტრავმის შემთხვევაში გუნდის ლიდერს შეცვლის ისე, რომ ეს არ დაეტყოს ნაკრების თამაშსა და მატჩის შედეგს. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ასეთი სისუსტე აღმოიფხვრას და უფრო მეტი არჩევანი გაჩნდეს, ისაა, რომ კალათბურთის განვითარება მოხდეს არამარტო თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში, არამედ ყველა რაიონსა თუ სოფელში. მე ვსაუბრობ არამარტო კალათბურთელებზე, არამედ, მწვრთნელებსა და, თუ გნებავთ, თუ მსაჯებზეც, რათა ახალმა საკალათბურთო სამყარომ ახალი ნიჭიერი და წარმატებული თაობა გაზარდოს. თაობები იცვლებიან და, როცა ეს ეტაპი დაგვიდგება, იმ კადრებით, რომელიც დღეს გაგვაჩნია, ვერ ვიტყვი, რომ ცვლილებას უმტკივნეულოდ გადავიტანთ. არ მინდა პესიმისტი გამოვჩნდე, მაგრამ რამდენიმე წელი, შესაძლოა, ჩავარდნაც გვქონდეს. სწორედ ამ პერიოდში, საქართველოში კალათბურთს სახელმწიფოსგან და თითოეული ჩვენგანისგან დასჭირდება ყველაზე დიდი ხელშეწყობა, რათა ეს რთული პერიოდი უმტკივნეულოდ გადაილახოს.
- მანუჩარ, როგორი თაობა მოდის, რას იტყვით იმ ბავშვებსა და ახალგაზრდებზე, რომლებიც ახლა იწყებენ კალათბურთის თამაშს, უქმნიან თუ არა მათ მოტივაციას საქართველოს ნაკრების კალათბურთელები და რა რჩევას მისცემდით მათ?
- საბედნიეროდ, ბავშვებს ძალიან უყვართ კალათბურთის თამაში. ბევრი საკალათბურთო სკოლა გაიხსნა, რაც მისასალმებელია, თუმცა, ეს არ არის საკმარისი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს, სამწუხაროდ, მხოლოდ დიდ ქალაქებში ხდება და ნაკლებად ექცევა ყურადღება პატარა რაიონებს, სოფლებს. ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. რაც შეეხება მოზარდთა მოტივაციას, პირველ რიგში, მას ჩვენი ეროვნული ნაკრების კალათბურთელების ინდივიდუალური და გუნდური შედეგები ქმნის. მინდა გავიხსენო თექვსმეტწლამდელთა გუნდი, რომლებმაც „B“ დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავეს და „A“ დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვეს, მათი ამ შედეგის უგულებელყოფა და დაუფასებლობა არ შეიძლება! უბრალოდ, მინდა, ზოგადად ვურჩიო ყველა ახალგაზრდას... მესმის, რომ ყველას გვინდა ვიყოთ „ძალიან მაგრები“, მაგრამ გვიჭირს მოვუსმინოთ მწვრთნელს, ვისწავლოთ პროფესიონალებისგან, რომლებიც გვაჩვენებენ სწორ გზას, სწორ მიმართულებას! ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ამ ახალგაზრდებს უნდათ იყვნენ „ძალიან მაგრები“, მაგრამ ეზარებათ ამ „მაგრობისთვის“ დათმობებზე წასვლა, მეტი შრომა, მეტი თავდადება და იმ ამბიციის რეალურად აღქმა, რომელიც გააჩნიათ. სამწუხაროდ, ყველა NBA-ში ვერ ითამაშებს, მაგრამ, თუ გიყვარს სპორტი, თამაშით სიამოვნება უნდა მიიღო და შედეგიც არ დააყოვნებს. დარწმუნებული ვარ, თუ ახალგაზრდები ამას გაითვალისწინებენ, მეტ დროს დაუთმობენ შრომას და ნაკლებ დროს დაუთმობენ გაჯეტებს, უფრო კარგი შედეგიც დადგება.
- ინტერვიუს დასაწყისში ქართველი გულშემატკივარი ახსენეთ და ინტერვიუ მათზე საუბრითვე მინდა დავასრულოთ. იაპონიაში ბევრი ჩვენი თანამემამულეა წარმოდგენილი... რამდენად გადმოდის მათი განწყობა ჩვენს მოთამაშეებზე, რამდენად გრძნობენ ბიჭები არამარტო ადგილზე მყოფი, არამედ ტელევიზორებთან მოკალათებული გულშემატკივრების მხარდაჭერას და, ბევრია თუ არა დამოკიდებული ჩვენზე, რიგით ქომაგებზე, ნაკრების ბიჭებმა მონდომება და მიზნისკენ სვლა რომ არ შეანელონ?
- გულშემატკივარს ნამდვილად ვერ დავიწუნებთ, მართლაც ძალიან კარგები არიან, თუმცა, იდეალურობამდე მაინც ბევრი გვიკლია. ჩემი აზრით, იდეალური გულშემატკივარი არის ის, ვისაც მართლა უხარია გუნდის წარმატება და ვისაც მთელი გულით სტკივა მისი წარუმატებლობა, მაგრამ წარუმატებლობის მიზეზს ყოველთვის რომელიმე კალათბურთელში არ ეძებს. ყველა მათგანზე ვერ ვიტყვი, თუმცა, ყოფილა ასეთი ნეგატიური ფაქტებიც... მერწმუნეთ, თითოეული მოთამაშე, ყველანაირი მატერიალური დაინტერესების გარეშე წარადგენს ჩვენს ქვეყანას და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად იბრძვის დაუღლელად, რათა მიღწეულ იქნას საუკეთესო შედეგი! ასეთ დროს, ძალიან რთულია გულშემატკივრის თუნდაც გარკვეული ნაწილისგან დაუმსახურებელი კრიტიკის მოსმენა! მჯერა, ამ მიმართულებითაც დავიხვეწებით. ისე კი, ძალიან გულანთებული ქომაგები გვყავს და ვისურვებდი, რომ მალე კიდევ უფრო მეტნი გავხდეთ... მინდა, უფრო ერთგულები ვიყოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კალათბურთის და ჩვენი იმ სპორტსმენებისა, რომლებიც ნამდვილად არაფერს იშურებენ, საუკეთესო შედეგის მისაღწევად!
- ძალიან დიდი მადლობა, მანუჩარ, საინტერსო ინტერვიუსთვის, გილოცავთ კიდევ ერთხელ და, მალე, გერმანიისა და ავსტრალიის ნაკრებ გუნდებთან გამარჯვებაც მოგველოცოს!