logo_geo
eng_logo
„El País“: სააკაშვილის ეპოქაში ადამიანის უფლებათა დარღვევამ საქართველოს ტრავმა მიაყენა
- +

7 სექტემბერი. 2016. 12:39


 

ესპანური  გაზეთი „El País" ვრცელ სტატიას უძღვნის საქართველოში, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდს და აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები გამოცდაა კავკასიის ქვეყნისთვის.



პუბლიკაციის ავტორი პილარ ბონე  წერს, რომ მორიგი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს იგეგმება, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ უჩენს კითხვებს, რომლებიც ახლო წარსულიდან მოსდევს კავკასიის ამ პატარა ქვეყანას: ხომ არ შეიძლება გაიმარჯვოს იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ყველაზე მეტად ახასიათებდა დაპატიმრებები, პენიტენციარულ დაწესებულებებში წამება და უფლებების დარღვევა. ასე ხდებოდა  მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს, მისი პრეზიდენტობის პერიოდში - 2004 წლის იანვრიდან 2013 წლის ნოემბრის ჩათვლით.



სააკაშვილის პოლიტიკური პარტია  - „საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" (ენმ), რომელიც დღეს ოპოზიციაშია, მონაწილეობას იღებს მომავალ არჩევნებში. როგორც ადგილობრივი ექსპერტები აცხადებენ, კონკურენტულ საარჩევნო გარემოში მათი შანსები ძალიან მცირეა.


ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 2012 წლის ოქტომბერში, გაიმარჯვა პარტია „ქართულმა ოცნებამ", რომელსაც სათავეში ედგა მულტიმილიონერი ბიძინა ივანიშვილი. ერთი წელი ოპოზიციურ უმრავლესობაში ყოფნის შემდეგ, სააკაშვილმა დაასრულა  თავისი მანდატი, დატოვა საქართველო და უკრაინაში გადაბარგდა, სადაც თავისი გუნდის სხვა წევრებთან ერთად   მუშაობა დაიწყო სახელმწიფო ადმინისტრაციაში.


საქართველომ ექს-პრეზიდენტსა და მის თანაპარტიელებს ბრალი დასდო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სხვა დანაშაულობათა ჩადენაში და 2015 წლის დასაწყისში  მოითხოვა მისი უკრაინიდან ექსტრადირება, რაზეც უარი მიიღო იმ მიზეზით, რომ თითქოს ეს მოთხოვნა  პოლიტიკურ მოტივებს შეიცავდა.


2015 წლის მაისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი დაასახელა ოდესის გუბერნატორად. უკრაინის მოქალაქეობა იცავს სააკაშვილს  მშობლიური ქვეყნის კანონისა და მართლმსაჯულებისაგან, და მიმდინარე დავა ცუდად აისახება საქართველოსა და უკრაინის ორმხრივ ურთიერთობაზე.


„მინდა შეგახსენოთ, რომ სააკაშვილი იძებნება სისხლის სამართლის ოთხი მუხლის მიხედვით და, ჩემი აზრით, საქართველო  სხვაგვარ მოპყრობას იმსახურებს", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.


ფულის გაფლანგვის, საპროტესტო აქციების ძალისმიერი დაშლის, ოპოზიციონერი   დეპუტატების ცემისა და ბანკირის მკვლელობის საქმის გამო შესაძლებელი იყო საქართველოში სააკაშვილისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. 


2013  წლის იანვარში საქართველომ  ამნისტიით 3000-ზე მეტი ადამიანი გამოუშვა ციხიდან, რამაც მკვეთრად შეამცირა პატიმრების რაოდენობა (რაც პროპორციულად ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია მსოფლიოში). გათავისუფლებულებს შორის იყვნენ აგრეთვე 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი, მაგალითად, 2011 წლის ქუჩის აქციებზე დაკავებულები,  ასევე 20-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი, 2009 წლის მაისის შესაძლო ამბოხისათვის დაპატიმრებულები და რამდენიმე პირი, ვინც სასჯელს იხდიდა ჯაშუშობისთვის. სააკაშვილმა ვეტო დაადო კანონს, რომელიც ეხებოდა პოლიტპატიმრების კლასიფიკაციას, მაგრამ პარლამენტმა ვეტო დაძლია. 2012 წლის შემოდგომაზე გამომზეურდა  ცემისა და წამების ფაქტები, რომლებიც გამყარებულია დოკუმენტებით, აგრეთვე სექსუალური ძალადობის შემცველი ვიდეოები, რომლებსაც ციხეებში იღებდნენ. 


NATO-სა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერმა მიხეილ სააკაშვილმა განახორციელა რადიკალური რეფორმები, რომლებმაც საქართველო „ცივილიზებულ ქვეყანად" აქცია.  სწრაფი და ერთი ფანჯრის პრინციპით მოქალაქეთა რეგისტრაცია - თავისუფალი ბიუროკრატიისაგან, აგრეთვე კორუფციასთან ბრძოლა, განათლების სისტემისა და პოლიციის სისტემის რეფორმა, ახალი გზები, ეს არის ნაწილი იმ მიღწევებისა, რომლებსაც სააკაშვილის თანაპარტიელები უპირისპირებენ ,,ქართულ ოცნებას".


როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები აცხადებენ, ამ კოალიციას აკლია ის დინამიზმი, რომელიც ახასიათებდა მიხეილ სააკაშვილის მმართველობას. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მოხდა ასევე სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა (რასაც მოჰყვა რუსეთის სამხედრო ძალის ინტერვენცია და მოსკოვისგან სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება), ძალადობის ფაქტები ციხეში, წამება სხვადასხვა აღიარების მოსაპოვებლად, ჩამორთმეული და მისაკუთრებული ბიზნესი.   


„დღეს პატიმრობაში არიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც სასჯელს იხდიან წამებისა და ძალადობის გამო",  - აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.


დაკავებულებსა და ბრალდებულებს შორის არიან ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი.


მოსამართლეები და პროკურორები აგრძელებენ თავიანთ პოსტებზე მუშაობას,   დაზარალებულები კი ჩივიან აუნაზღაურებელი მორალური ზიანის გამო.  თბილისში ჭორები დადის მოსალოდნელ პროვოკაციებთან დაკავშირებით და იმასაც ამბობენ, რომ  ყველაფერი ეს ოდესიდან იმართება.


 

„სააკაშვილის პირველი მანდატის პერიოდში დამკვიდრდა ძალადობრივი რეჟიმი  და ძალადობამ სისტემური ხასიათი მიიღო", - აცხადებს ნანუაშვილი.


„2007 წლის ნოემბერში დარბეულ იქნა საპროტესტო გამოსვლები, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და განხორციელდა აგრესია ტელეკომპანია „იმედის" მიმართ, რასაც მოჰყვა ტელეკომპანიაში შეჭრა. ასევე მოხდა 2008 წელს ომი რუსეთთან", -  ამბობს სახალხო დამცველი, რომელიც მწუხარებას და სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა გვიან მიიღო გადაწყვეტილება ომის გამოძიებასთან დაკავშირებით.  


„იმდენი წელი გავიდა, რომ ბევრი მოწმე უკვე გარდაცვლილია", - აცხადებს იგი, - „სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულობანი შეუძლებელია განმეორდეს, რადგან შემდგომში მიღებულ იქნა ზომები  და  განხორციელდა პოლიტიკური სისტემის რეფორმა".


სექტემბერში კინორეჟისორმა გიორგი ხაინდრავამ გამართა 24 სერიისგან შემდგარი თავისი ფილმის პრემიერა.

 

„ფილმი მოიცავს ყველა საზარელ ფაქტს, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეს ექს-პრეზიდენტით დაწყებული, მოსამართლეებითა და პროკურორებით დამთავრებული", - ამბობს გიორგი ხაინდრავა.


ეს სერიალი შეიქმნა 2-წლიანი მუშაობის შედეგად, 1800 ინტერვიუს გამოყენებით. ეს  არ არის ფილმი სააკაშვილზე, ეს ფილმი ასახავს, თუ „როგორ შეიძლება ქვეყანას მართავდნენ კრიმინალები, რომლებსაც დანარჩენი მსოფლიო დემოკრატებს ეძახის და პროგრესულებად მიიჩნევს".


,,ქართველმა საზოგადოებამ დაუშვა რეჟიმი, რომელიც რეალურად იყო ტოტალიტარიზმის სახე", - დასძინა მან.  მან ასევე განიხილა პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმე,  რომელიც 2011 წლის 17 სექტემბერს სხვა ოფიცრებთან ერთად დააკავეს რუსეთის აგენტობა-ჯაშუშობის ბრალდებით. თეთრაძე დაპატიმრებიდან 6 დღეში გარდაიცვალა, ის ძალადობის მსხვერპლი  გახდა თავდაცვის სამინისტროს ციხეში. ძლიერმა  მაკიაჟმაც კი ვერ დაფარა ის სისხლჩაქცევები და ელექტროშოკის კვალი, რომელიც მის სხეულზე აღინიშნებოდა. ის მოსამართლე და პროკურორი, რომლებმაც თეთრაძე ციხეში გაუშვეს, ისევ თავიანთ ადგილებზე არიან, ხოლო მისი ქვრივი - ნანა სამართლის ძიებაშია.


ხაინდრავა ეხება აგრეთვე ადმირალ ზურაბ ირემაძის საქმეს, რომლის გარდაცვალების მიზეზად (2004 წ.) გულის შეტევა დასახელდა. რეჟისორი ამბობს, რომ სინამდვილეში ადმირალი მოწამლეს იარაღის საერთაშორისო კონტრაბანდის გამო, რომელიც საქართველოს გავლით ხორციელდებოდა.  მისი ერთ-ერთი პერსონაჟია აგრეთვე როინ შავაძე, ქართული ჯარის ოფიცერი, რომელიც ავღანეთში მსახურობდა და რომელმაც შეადგინა ოქმი სახელად „თავგადასავალი 2008" (ომი რუსეთთან). „იგი ჯაშუშად გამოაცხადეს და მოკლეს იმის გამო, რომ თითქოს გაქცევა სცადა, შემდეგ კი  22 ტყვია უპოვეს გულის არეში.  ასევე გავიხსენოთ ვახტანგ მაისაიას საქმე, სამხედრო ექსპერტისა და დიპლომატის, NATO-ს განხრით ბრიუსელში საქართველოს წარმომადგენლისა, რომელმაც 4 წელი გაატარა ციხეში. მას დაპატიმრების შემდეგ, 2009 წლის მაისში, მიესაჯა 20-წლიანი „საიდუმლო" სასჯელი „სლოვაკეთის ჯაშუშობის" გამო.  მაისაია ჯერ კიდევ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა, მას ენა ებმება და საშინელი წამების კვალი ჯერაც ატყვია, მას სიკვდილით ემუქრებოდნენ და არ კლავდნენ, გვამებთან კეტავდნენ, წყლის ჭავლით აწამებდნენ.  მაისაიას საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებების ტრიბუნალმა განიხილა.


საქართველოს პარლამენტმა შექმნა ძალადობის ფაქტების შემსწავლელი კომისია, რომელმაც შეისწავლა 6000 საჩივარი, რაც კი შევიდა 2012 წლიდან. გასულ ივნისს, საპარლამენტო დასკვნაში ეწერა, რომ წამება იყო სასტიკი და პერმანენტულ ხასიათს ატარებდა 2004-2012 წლებში. ყოველივე ეს კი დანერგეს პასუხისმგებელმა პოლიტიკოსებმა იმისათვის, რომ საზოგადოებაში შიში და პანიკა გამეფებულიყო.   


ფოტორეპორტიორები, რომელთა შორის სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფიც იყო, 2011 წლის ივლისში სამშობლოს ღალატისა და უცხოეთისთვის დახმარების გაწევის ბრალდებით დააკავეს. მათ მიმართ გამოიყენეს ელექტროშოკი, სცემეს, აწამეს, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. ერთ-ერთი ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე ამბობს: „ჩვენი საქმე ჯერ  ბოლომდე გამოძიებული არ არის, მას ჯერ კიდევ საიდუმლო სახე აქვს, მაგრამ როგორც კი გამოძიება დასრულდება, მორალური ზიანის ანაზღაურებას მოვითხოვთ". 


„ძალოვან სტრუქტურებში ჯერ კიდევ არის ის ხალხი, ვინც მონაწილებდა რეპრესიებში და ახლა ხელს უშლის გამოძიებას, თუმცა ზოგიერთმა დანაშაული უკვე აღიარა", - აცხადებს აბდალაძე.


იგი მის და მისი თანამოაზრეების დაკავებას უკავშირებს აგრესიულ პოლიტიკურ რეჟიმს, რომელიც სამშვიდობო აქციების წინააღმდეგ იყო მიმართული ქალაქ  თბილისში, რაც მათ მიერ იქნა აღბეჭდილი.


აბდალაძეს არ დავიწყებია გლდანის ციხე, სადაც მან 15 დღე გაატარა: „პარასკევი იყო  ყველაზე მძიმე დღე, რადგან ციხის ზედამხედველები სარგებლობდნენ იმით, რომ შაბათ-კვირას მნახველები არ მოდიოდნენ, და ყვირილი ისმოდა ციხის მთელ ტერიტორიაზე. არ ვიცი, ასეთი სადისტები საიდან მოჰყავდათ", -  თქვა მან და გაიხსენა, როგორ გრძნობდა თავს 20 კვ/მ სივრცეში გამოკეტილი, უფანჯროდ, ფეხზე მდგომი საათების განმავლობაში სხვა პატიმრებთან ერთად, რომლებსაც ზოგს ტუბერკულოზი ჰქონდა, ზოგს კი - ციროზი, ეს იყო ხალხი, რომელთა მსგავსი მხოლოდ საკონცენტრაციო ბანაკების ფოტოებზე  ჰყავდა ნანახი.



http://internacional.elpais.com/internacional/

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner