logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: ჩემი მინისტრობის პერიოდში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მასწავლებლის პროფესია იყოს ღირსეულად დაფასებული და მათ წინაშე არსებული გამოწვევები დაძლეული
- +

31 აგვისტო. 2023. 20:34

 

განათლების და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი სოციალურ ქსელში მასწავლებლის დღის დაწესებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მოხარული და ამაყი ვარ, გაცნობოთ, რომ პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე და პრემია დაწესდა, რაც საზოგადოებაში პედაგოგების როლის მნიშვნელობის ხაზგასმასა და მათი შრომის დაფასებას ემსახურება. მოგეხსენებათ, ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების, ჩვენი შვილების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში მთავარი როლი და ფუნქცია ჩვენს დამსახურებულ, ღვაწლმოსილ და გმირ პედაგოგებს აკისრიათ. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე და პედაგოგებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების შემუშავებაზე ზრუნვა. მასწავლებლები ყოველდღიურ რეჟიმში დიდი შრომის ფასად ზრუნავენ მომავალი თაობების განათლებაზე, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს ქმნის.

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

ახალი ინიციატივის თანახმად, ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

ჩემი მინისტრობის პერიოდში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მასწავლებლის პროფესია იყოს ღირსეულად დაფასებული და მათ წინაშე არსებული გამოწვევები დაძლეული“, - წერს მინისტრი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner