logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტი არის კონტრპროდუქტიული - უპირისპირდება იმ ინტერესს, რასაც ჰქვია ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება
- +

1 სექტემბერი. 2023. 11:34

 

 

სადაც კონსტიტუცია მკაფიო პასუხს არ იძლევა კითხვაზე - თუ ვის ენიჭება უპირატესობა საგარეო ურთიერთობებში, იქ ჩნდება ხოლმე ასეთი პრობლემები“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

 

კობახიძემ განმარტა, რატომ გახდა ამ საკითხის კონსტიტუციაში ჩაწერა საჭირო და ისაუბრა კონკრეტულ მაგალითებზეც.

 

რატომ გაჩნდა შესაბამისი ჩანაწერი კონსტიტუციაში 2017 წელს - გახსოვთ, რომ საქართველოშიც იყო პრობლემები, რომ პრეზიდენტი და პრემიერი ვერ მიჯნავდნენ საკუთარ უფლებამოსილებებს, რაზეც კონსტიტუცია მკაფიო პასუხს არ იძლეოდა. იყო შემთხვევა მაგალითად ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის დროს, რა დროსაც პრეზიდენტი ითხოვდა, რომ მასაც მოეწერა ხელი ამ შეთანხმებაზე. გარდა ამისა, იყო მოლდოვაში შემთხვევა, როდესაც მთავრობას და პრეზიდენტს ჰქონდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც არაერთი პრობლემური შემთხვევა იყო, როდესაც მთავრობა და პრეზიდენტი ვერ მიჯნავდნენ კომპეტენციებს; პოლონეთში იყო გახმაურებული შემთხვევა - კაჩინსკი და ტუსკი ერთმანეთში ვერ იყოფდნენ კომპეტენციას, ორივეს უნდოდა ევროკავშირის სამიტს დასწრებოდა და საბოლოო ჯამში დასრულდა იმით, რომ თვითმფრინავი არ გამოუყო პრემიერმა ქვეყნის პრეზიდენტს. სადაც კონსტიტუცია მკაფიო პასუხს არ იძლევა კითხვაზე - თუ ვის ენიჭება უპირატესობა საგარეო ურთიერთობებში, იქ ჩნდება ხოლმე ასეთი პრობლემები, სადაც საპარლამენტო ან შერეული სისტემა მოქმედებს. სწორედ ამისთვის ჩაიწერა კონსტიტუციაში მკაფიოდ, თუ ვის ენიჭება უპირატესობა საგარეო პოლიტიკის წარმოების დროს. კონსტიტუციის თანახმად, ერთადერთი ორგანო, ვინც აწარმოებს საგარეო პოლიტიკას, არის მთავრობა. შესაბამისად, მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეიძლება პრეზიდენტი ჩაერთოს საგარეო პოლიტიკური ამოცანების გადაჭრაში. ეს არის ძალიან ლოგიკური ჩანაწერების ერთობლიობა. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც რადიკალურად განსხვავდება მთავრობის და პრეზიდენტის პოზიციები - მთავრობას მიაჩნია, რომ საქართველო შარშანაც იმსახურებდა და წელსაც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. პრეზიდენტს კი მიაჩნია, რომ საქართველო არც შარშან და არც წელს არ იმსახურებს სტატუსს. პრაქტიკაში რომ შევხედოთ: წარმოიდგინეთ შარლ მიშელის თანაშემწემ მას დაუდო ფურცელი, სადაც არის მოყვანილი ზურაბიშვილის ციტატა იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, ხომ დასვამს კითხვას მიშელი - ეს მართალია რაც მან თქვა პარლამენტის შენობაში, თუ ტყუილი? რა თქმა უნდა სალომე ზურაბიშვილი ვერ იტყვის, რომ პარლამენტში მოიტყუა იმისთვის, რომ მაგალითად რადიკალური ოპოზიცია გაემაგრებინა, მოუწევს თქვას, რომ საქართველო არ ასრულებს მოთხოვნებს და შესაბამისად არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. შესაბამისად, პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტი არის კონტრპროდუქტიული - უპირისპირდება იმ ინტერესს, რასაც ჰქვია ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება. აქედან გამომდინარე მთავრობის უარი იყო არა მხლოდ სამართლებრივად გამყარებული, არამედ პოლიტიკურადაც, შესაბამისად ამ ყველაფერს რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner