„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ ბოლო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის" და მისი სატელიტების მიერ კახა კალაძეზე განხორციელებულ შეტევებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
„ნაციონალური მოძრაობის" და მისი სატელიტების მიერ განხორციელებული კარგად ორგანიზებული ფორსირებული შეტევები „ქართული ოცნების" გენერალურ მდივანზე კახა კალაძეზე ერთ მიზანს ემსახურება - პირველ რიგში, დაასუსტონ სახელისუფლო პარტია და მეორე - ქვეყნაში შექმნან მართვადი ქაოსი, რათა მათი მედიასაშუალებებით აგორებული ცილისმწამებლური და დაუსაბუთებული ბრალდებებით მოსახლეობას გაუჩინონ განცდა, რომ ისინი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან განიცდიან ზეწოლას და უკანონო ქმედებებს.
როდესაც მიზანმიმართულად და უარგუმენტოდ ბრალს სდებ „ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს საკუთარი ბიზნესინტერესების ლობირებაში, ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობაში, გამგებლების გადაყენებაში, ზონდერების მომზადებასა და ოპოზიციური ძალების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაში და ამის დამადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ გაგაჩნია, ეს არამარტო სახელისუფლებო გუნდის იმიჯის შელახვას, არამედ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის არევის მცდელობას ემსახურება.
„ნაციონალური მოძრაობა" ისე შორს წავიდა, არაა გამორიცხული, კახა კალაძე მალე „ისლამურ სახელმწიფოსთან" თანამშრომლობაშიც დაადანაშაულონ. მათთვის უცხოა უდანაშაულობის პრეზუმფცია და უკვე წლებია ებრძვიან პიროვნებას, რომელსაც გააჩნია სუფთა წარსული და სუფთა ხელებით აკეთებს იმ საქმეს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და რომლის წინააღმდეგაც შეიკრა „ნაცმოძრაობის" მთელი კოჰორტა.
ქარულ პოლიტიკაში გასაკვირი უკვე არაფერია, ერთადერთი, რაც გაკვირვებას იწვევს, ესაა კალაძის თმენის უნარი, გაწონასწორებულობა და სხვისი წესებით თამაშში შესვლაზე უარის თქმა, რაც ნამდვილად დიდი სახელმწიფოებრივი აზროვნების ნიმუშია", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.