logo_geo
eng_logo
შავი და... შავი (ციკლიდან „რა სურს ამერიკას?!“ - წერილი მეათე)
- +

1 სექტემბერი. 2023. 16:19

 

 

ჩემს ადრეულ წერილებში ბევრჯერ გამომითქვამს გულისტკივილი იმის გამო, რომ წითელი იმპერიის დაშლის პირველივე წელს, საბჭოთა ხალხების დიდმა და ერთადერთმა იმედმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თავისი ქოლგის ქვეშ შეიფარა ბალტიისპირეთის ახლადგამოცხადებული სახელმწიფოები, ხოლო თავისუფლებისთვის უფრო აქტიურად მებრძოლი საქართველო ბედის ანაბარა დატოვა დაჭრილი, გამძვინვარებული ჩრდილოელი დათვის პირისპირ.

 

შემდეგ, დროთა განმავლობაში, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვების შედეგად, განმიმტკიცდა რწმენა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, მსოფლიოს ახალი გადანაწილების კონტექსტში, დიდი გარიგების ნაწილი, (იგივე ხვედრი ერგოთ უკრაინასა და მოლდოვას), ერთგვარი იძულებითი კომპრომისი იყო „კეთილი“ ამერიკის მხრიდან ფეთქებადსაშიში „ბოროტი“ რუსეთის მიმართ.

 

ძალიან მალე აღმოვაჩინე, რომ სამწუხაროდ, ილუზიების ტყვეობაში ვიმყოფებოდით - არ არსებობდა არავითარი „კეთილი“ და „ბოროტი“, „შავი“ და „თეთრი“, არსებობდა მხოლოდ ორი მარად დაუკმაყოფილებელი იმპერიის ე.წ. „სახელმწიფო ინტერესები“.  

 

ლიეტუვა-ლატვია-ესტონეთის ეკონომიკური წინსვლა და დაცულობის მაღალი ხარისხი, გარკვეულ დრომდე, მაინც აღძრავდა „კეთილ შურს“, მაგრამ უკრაინის ომმა და ბოლო პერიოდში განვითარებულმა სხვა მოვლენებმა სამყარო სრულიად განსხვავებული სახით წარმოაჩინა. უნდა „ვაღიარო“, რომ ჟანრის კლასიკიდან გამომდინარე, მანამდეც არ მასვენებდა ფიქრი, რა შეიძლებოდა გამხდარიყო ხსენებული სამი სახელმწიფოს მიმართ გამოჩენილი „კეთილგანწყობის“ საფასური...

 

„ინტერესმა“ მეტი სიმძაფრე შეიძინა მას შემდეგ, რაც 2003-2012 წლებში საკუთარ თავზე გამოვცადეთ ამერიკასთან „მეგობრობის“ ფასი. ამაზე ბევრჯერ მისაუბრია, ამიტომ მოკლედ გავიმეორებ, რომ „დამეგობრების“ პირველივე დღეებიდან, ანუ საელჩოსა და NDI-ისა და IRI-ის, აგრეთვე, „დემოკრატიის ხელშემწყობი“ სხვა „საერთაშორისო“ ინსტიტუტების ოფისების გახსნისთანავე, მოქმედებაში მოვიდა საქართველოს კოლონიზაციის გეგმა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობდა ქვეყანაში მარიონეტული რეჟიმის დამყარებას. დღეს ბავშვმაც იცის, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ძალადობრივ და მოღალატეობრივ პოლიტიკას, მის თითოეულ დეტალს, ამერიკულ სპეცლაბორატორიებში შემუშავებული გადაწყვეტილებები ედო საფუძვლად და შესაბამისი დირექტივებით იმართებოდა.  

 

ამ ვრცელი შესავლის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვან სათქმელთან მივედი: გეგმის მთავარ მიმართულებას, ქართულ იდენტობასთან, როგორც მიზნის მიღწევის მთავარ წინაღობასთან, ბრძოლა წარმოადგენდა. ისტორიის წაშლა, ტრადიციების უგულებელყოფა, ეკლესიასთან ბრძოლა, ენის დაკნინება, ავტორიტეტების შეურაცხყოფა... აღნიშნული გეგმის ცალკეული შემადგენელი გახლდათ. ეს ყველაფერი ყველას კარგად გვახსოვს, რადგან „ახალი ქართველის შექმნა“ ღიად გაცხადებული მიზანი იყო.

 

2012 წელს ჯაჭვი გაწყდა, მივიღეთ ახალი რეალობა, დაიწყო პოლიტიკის გაქართულების თანმიმდევრული პროცესი. ასეთ დროს იტყვიან ხოლმე, ღმერთმა გადმოგვხედაო. ქვეყანა, შესაბამისად, ახალი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა... ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, ამიტომ ისევ შედარებით ანალიზს დავუბრუნდები:

 

მიმაჩნდა, რომ ლიეტუვა-ლატვია-ესტონეთის როლის „მყეფარე ფინიების“ ფუნქციით შემოფარგვლა, რასაც სამი ათეული წელია გულმოდგინედ ასრულებენ (როგორც სააკაშვილი ასრულებდა და ასრულებს), ვერ იქნებოდა სათანადო საზღაური ამერიკული მიზნების მასშტაბებისთვის. არსებობს გამოთქმა - „ომი ყველაფერს ჩამოწერს“. ვფიქრობ, ამ ფრაზის ტოლფასი ხარისხისაა შემდეგი სიტყვათა წყობა - „ომი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს“. დიახ, ორი თვის წინ ფარდა აეხადა „დიად მიზანს“ და გაეცა პასუხი ჩემს მიერ ზემოთ დასმულ კითხვას - რა სურს ამერიკას ბალტიისპირა სახელმწიფოებისგან?

 

ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი პოლიტიკური კურსის იდეოლოგიური საყრდენი ახალი ლიბერალიზმია. სხვა ფსევდოიდეოლოგიების (კომუნიზმი, ნაციზმი...) მსგავსად თანამედროვე ლიბერალებისთვისაც „დიადი მიზნებისთვის“ ბრძოლის მთავარი ხაზი მარადიული ღირებულებების - ღმერთი, სახელმწიფო, ერი, ოჯახი... - უარყოფაზე და მასთან სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაზე გადის.

 

ჩვენ ვამბობთ - ქალი ქალია, კაცი - კაცი... და ესაა ჩვენი პრობლემების საფუძველი; ჩვენ ვამბობთ - საქართველო ქართველი ერის სამშობლოა და „არავითარი სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია“... და ესაა ჩვენი პრობლემების საფუძველი; ჩვენ ვამბობთ - ოჯახი სახელმწიფოს ფუნდამენტია... და ესაა ჩვენი პრობლემების საფუძველი; ჩვენ ვამბობთ - დედა და მამა... და ესაა ჩვენი პრობლემების საფუძველი; ჩვენ ვამბობთ - ღმერთი სიყვარულია... და ესაა ჩვენი პრობლემების საფუძველი...

 

მიმდინარე წლის 20 ივნისს ესტონეთი გახდა აღმოსავლეთ ევროპის პირველი ქვეყანა, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა; ლატვიამ 31 მაისს ღიად გეი, უფრო ქართულად რომ ვთქვათ, ოფიციალური მამათმავალი აირჩია პრეზიდენტად, ედგარს რინკევიჩის სახით... ამ „რევოლუციური ცვლილებებით“, ვფიქრობ, ყველასთვის ნათელი გახდა, საით მიქროდა „თავისუფლების“ მატარებელი.

 

ამ გადასახედიდან მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ უკან მიმაქვს ყველა ჩემი წყენა და გულისტკივილი და უფალს მადლობას ვწირავ, რომ ამ ოცდაათი წლის წინ ლიეტუვა-ლატვია-ესტონეთის მსგავსად ამერიკის „წილხვედრობა“ არ გვარგუნა(!).

 

 

ბიძინა  დვალი

01.09.2023 წ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner