ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ლიგის 24-ე ტურში წყალტუბოს „სამგურალი“ საკუთარ არენაზე მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლულმა ითამაშა, მეტოქე 4:1 დაამარცხა.
ბათუმელებმა პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს. 28-ე წუთზე ცოტნე ფაცაციას პასით ანგარიში „დინამოსა“ და ეროვნული ლიგის ბომბარდირმა, ჯოვინო ფლამარიონმა გახსნა. ეს მისთვის მე-15 გოლია ეროვნული ლიგის ამ სეზონში.
მასპინძელთა უპირატესობა 35-ე წუთზე ლადო მამუჩაშვილმა გაზარდა, რომელმაც ლევან ხარაბაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი უნაკლოდ შეასრულა. 42-ე წუთზე ბათუმის „დინამო“ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა. მასპინძელთა ნახევარმცველს, ცოტნე მოსიაშვილს შარბელ გომესთან უხეშობისთვის წითელი ბარათი აჩვენეს და მოედანი დაატოვებინეს.
„სამგურალმა“ კაცნაკლულ მასპინძლებს მთელი ძალებით შეუტია და 57-ე წუთზე სხვაობა შეამცირა. თავი წყალტუბოელთა იაპონელმა ლეგიონერმა, ტაიკი კაგაიამამ გამოიჩინა.
სტუმრები გადამწყვეტი შტურმისთვის როცა ემზადებოდნენ, „დინამომ“ უპირატესობა ისევ გაზარდა . 66-ე წუთზე „სამგურალს“ გიორგი ზარიამ გაუტანა, საბოლოო ანგარიში კი ალექსანდერ იაკობსენმა (90+6) დააფიქსირა.
24 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ 52 ქულით პირველ ადგილზეა და „დინამო თბილისთან“ (44) უპირატესობა ისევ 8 ქულამდე გაზარდა. „სამგურალი“ კი 29 ქულით მე-5 პოზიციაზე დარჩა და ქუთაისის „ტორპედოს“ (37) ჩამორჩენის შემცირების საშუალება მისცა.