logo_geo
eng_logo
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ანგარიში მოისმინეს
- +

2 სექტემბერი. 2023. 00:56

 

 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის გასვლით სხდომაზე, მარნეულში, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, გიორგი ალიბეგაშვილს მოუსმინეს; მან დეპარტამენტის ანგარიში წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და თანადგომისათვის, რომელიც დეპარტამენტს განსაკუთრებით მიმდინარე მოწვევის პარლამენტში აქვს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისაგან.

 

მისი თქმით, იმ ამოცანების შესასრულებლად, რომლებიც დეპარტამენტის წინაშე დგას, უწყებას ძალიან სჭირდება ურთიერთთანამშრომლობა და მხარდაჭერა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება.

 

„ჩვენი ქვეყნისთვის თუ რას ნიშნავს ქართული ენა, ყველას კარგად მოეხსენება, - ის არის თვითიდენტიფიკაციის ერთ-ერთი პირველი საძირკველი, ერთ-ერთი პირველი საფუძველი ბუნებრივია იმიტომ, რომ მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოში ლაპარაკობენ ამ ენაზე და რაოდენი ყურადღება და მხარდაჭერა უნდა სახელმწიფოსგან, ვგულისხმობ როგორც მთავრობას, ასევე პარლამენტს, ეს ყველას მოეხსენება. დეპარტამენტი არის სტრატეგიის განმსაზღვრელი და მსურს გვიგულოთ ჩვენ უშუალო მეკავშირედ, ვინაიდან ეს თანამშრომლობა სჭირდება საერთო საქმეს“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

 

მან კომიტეტის წევრებს გააცნო დეპარტამენტის გაწეული საქმიანობის ანგარიში და ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო ენის სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმაზე, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობაზე.

 

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო ენის სტრატეგია 2030 წლისთვის ქართული ენის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის, ქართული ენის დაცვასა და განვითარებას გულისხმობს საკანონმდებლო და საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით. მისივე თქმით, სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის ენას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გამოყენების სათანადო პირობები.

 

კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ საქართველო უმასპინძლებს 2024 წელს ევროპის ენობრივ ინსტიტუციათა ასოციაციის სიმპოზიუმს და საქართველოს ესტუმრებიან ევროპის ყველა ქვეყნიდან ენობრივი პოლიტიკის შემქმნელი და განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ანგარიში ცნობად მიიღო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner