საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარი „მეცი“ ამსტერდამის „აიაქსში“ გადასულ გიორგი მიქაუტაძეს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული წერილით დაემშვიდობა, გუნდის წინაშე დამსახურებებისთვის მადლობა გადაუხადა და კარიერაში წარმატებები უსურვა.
„ექვსწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, რომელიც 2022-2023 წლების სეზონით დაგვირგვინდა, თავდამსხმელი „აიაქსში“ გადავიდა და საოცარი მოგონებები დაგვიტოვა.
ამ ლამაზი ისტორიის პირველი სტრიქონები 2017 წელს დაიწერა, როდესაც ჩვენს რიგებს შემოუერთდა ფეხბურთელი, რომელიც ჯერ ლიონის „ოლიმპიკის“ აკდემიაში ვარჯიშობდა, შემდეგ კი – „სენ-პრიესტში“. ამ მოკრძალებული აღნაგობის ახალგაზრდა თავდამსხმელში „მეცის“ მწვრთნელებმა სწრაფად შეამჩნიეს ტალანტი, რომელიც დახვეწას საჭიროებდა.
გიორგი მიქაუტაძემ ვარჯიშით მოიპოვა სხვადასხვა მწვრთნელის ნდობა და პროფესიული გუნდის კარი გააღო. 2019 წლის 7 დეკემბერი გარდამტეხი მომენტი იყო, მაშინ მთავარ გუნდში პირველად ითამაშა „ნიცასთან“ ლიგა 1-ის გასვლითი შეხვედრაში.
პროფესიულ კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ თავდამსხმელმა ორი სეზონი იჯარით „მეცის“ პარტნიორ „სერენში“ გაატარა. მიქაუტაძე ბელგიური გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გახდა. 57 მატჩში 36 გოლმა ის გუნდის ლიდერად აქცია და „სერენი“ ბელგიის უმაღლეს ლიგაში აღზევდა. 2022/23 წლის სეზონში კი მან „მეცის“ შემადგენლობაში გაიბრწყინა.
ლიგის ბომბარდირმა და წლის საუკეთესო მოთამაშემ ნიდერლანდებში გამგზავრებამდე „მეცის“ მაისურით მარსელის „ოლიმპიკთან“ და „კლერმონთან“ ლიგა 1-ში გაიტანა და ისტორია ღირსეულად დაასრულა. გიორგიმ, რომელიც მუდამ თავდაუზოგავად და თავგანწირვით თამაშობდა, გულშემატკივრებში განსაკუთრებული სახელი მოიპოვა. მოზელის ნაპირებზე მუდამ გვემახსოვრება მისი შესანიშნავი თამაში.
გვსურს, მას მადლობა გადავუხადოთ და წარმატება ვუსურვოთ. მეორე მხრივ, ეს ჩვენთვის სამწუხარო ამბავია, რადგან ჩვენი ერთ-ერთი შვილი კლუბს ტოვებს. ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებულნი ვართ, უარი ვთქვათ ჩვენი წარმატების ერთ-ერთ შემოქმედზე. წარმატებები, ჟორჟ!“ – წერია „მეცის“ განცხადებაში.