საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით 1 სექტემბერს ანიმაციური ფილმების მე-11 საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი მეუფე ისაია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ფესტივალის ორგანიზატორები ესწრებოდნენ.
ფესტივალის გახსნის ღონისძიება ნიქოზის საკათედრო ტაძრის ეზოში გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს წმიდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა. ეპისკოპოსის რეზიდენციაში ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები წარმოადგინეს: წეროვანის დევნილთა დასახლების მოსწავლეთა ანსამბლმა „მომავალმა თაობამ“, ნიქოზის ხელოვნების სკოლასთან არსებულმა ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მ. დოიჯაშვილის სახელობის სამუსიკო სემინარიის მოსწავლეებმა (ნიქოზის ხელოვნების სკოლის ყოფილი მოსწავლეები). გაიმართა დოკუმენტური ფილმის - „ნიქოზი 2008...“-ის ჩვენება, რომლის ავტორია მიტროპოლიტი ისაია. ფილმი ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის ცხოვრებას ასახავს.
ღონისძიებაზე ასევე წარმოადგინეს 2008 წლის ომის ამსახველი ფოტოგამოფენა. რეზიდენციის საგამოფენო დარბაზში სტუმრებმა დაათვალიერეს რეჟისორის, მხატვრისა და სცენარისტის, დათო სიხარულიძის, ნახატები.
ანიმაციური ფილმების მე-11 საერთაშორისო ფესტივალ „ნიქოზს“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში მდებარე ეპისკოპოსის რეზიდენცია 1-7 სექტემბერს უმასპინძლებს. ფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ამერიკელი მეგობრებისა და საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება. მრავალფეროვანი და საინტერესო საფესტივალო პროგრამა მოიცავს დამწყები და გამოცდილი რეჟისორების ანიმაციური ნამუშევრების ჩვენებას, მუსიკალურ მინიატურებს, მასტერკლასებსა და ფოტოგამოფენებს.
წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 23 ქვეყნის, მათ შორის - საფრანგეთის, პორტუგალიის, იაპონიის, ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი 100 რეჟისორის 125 ფილმი.
ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ნიქოზი“ 2011 წელს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას, ინიციატივით დაარსდა. მასში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ანიმატორები. ფესტივალის ფარგლებში სისტემატურად იმართება მასტერკლასები ქართველი ანიმატორებისთვის.
ფესტივალის მიზანია საქართველოს ერთ-ერთ ურთულეს და პოლიტიკურად მნიშვნელოვან რეგიონში, ლიახვის ხეობის სოფელ ნიქოზში, ხელოვნების სკოლის აღსაზრდელთა და სხვა რეგიონების ახალგაზრდა ანიმატორთა პროფესიული ზრდა, საქართველოში ანიმაციის განვითარება და რეგიონის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება.
ფესტივალის პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://nikozifestival.ge