logo_geo
eng_logo
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა გასვლით სხდომაზე ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ანგარიში მოისმინა
- +

2 სექტემბერი. 2023. 13:20

 

 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მორიგი გასვლითი სხდომა ახალქალაქში, ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში გაიმართა, სადაც სკოლის ანგარიში მოისმინეს.

 

ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა ძირითადი ყურადღება ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე გაამახვილა და ამ მიმართულებით პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ისაუბრა. ანგარიშის ნაწილი, ასევე დაეთმო სკოლაში მიმდინარე პროცესებს და სამომავლო გეგმებს.

 

წარმოდგენილი ანგარიში მოიცავს ყველა იმ რეკომენდაციის შესრულების საკითხებს, რომლებიც მოკვლევის ფარგლებში შემუშავდა - ეს არის 45 რეკომენდაცია, რომელიც შეეხება განათლების ყველა საფეხურს, სკოლამდელი განათლებიდან დაწყებული პროფესიულ და ზრდასრულთა განათლებამდე. ქეთევან ჯაყელმა აღნიშნა, რომ მოკვლევის დროს გამოვლენილი მიგნებები ეხმარებათ სამუშაო პროცესის დაგეგმარებაში, პრობლემებზე მეტი ყურადღების გამახვილებაში და მათ შემდგომ გაუმჯობესებაში. მან სახელმწიფო ენის სწავლების საკითხში უწყებათშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიური გახდება.

 

როგორც პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ აღნიშნა, ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სწავლებისთვის მართლაც არაჩვეულებრივი სივრცე და გარემოა, რაც მისასალმებელია.

 

„გარემო ყოველთვის პოზიტიურ გავლენას ახდენს იმ განწყობაზე, რომლითაც აქ ადამიანები უნდა ეუფლებოდნენ და ეუფლებიან სახელმწიფო ენას და სხვადასხვა აქტივობებში არიან ჩართული. რაც უფრო მეტი მსგავსი ცენტრები და ობიექტები გვექნება რეგიონებში, ეს მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს საქმიანობას და მას უფრო ეფექტიანს გახდის“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

მისი თქმით, უნდა ითქვას, რომ ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით ჩატარებულ თემატურ მოკვლევაში ჟვანიას სახელობის სკოლა აქტიურად იყო ჩართული, ისევე როგორც ახალქალაქის და ნინოწმინდის რესურსცენტრების, სკოლების, აღმზრდელობითი დაწესებულებების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ამდენად, რეკომენდაციების შესრულების საკითხის განხილვა მათი მონაწილეობით ნამდვილად მნიშვნელოვანია.

 

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, კომიტეტის მიზანია შედეგებზე იყოს ორიენტირებული და იგი მზადაა ნებისმიერი ინიციატივისა და წინადადების გაზიარებისათვის, რათა გამოწვევებს ყველამ ერთად, ერთობლივი ძალისხმევით, ღირსეულად უპასუხონ.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ აქვე მადლობა გადაუხადა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტს (NDI) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდს, რომელთა თანადგომითა და ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა აღნიშნულ საკითხზე თემატური მოკვლევის ჩატარება.

 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები, კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში, დღესვე გამართავენ შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან და ახალქალაქში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner