საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც თემთა პალატაში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლი ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ ურთიერთობას და აღინიშნა, რომ 2023 წლის პირველი ნახევარი განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო არაერთი მნიშვნელოვანი მაღალი დონის ვიზიტის კუთხით.
ყურადღება გამახვილდა უორდროპის დიალოგზე, რომელსაც საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
მხარეებმა, აგრეთვე, ისაუბრეს ნაყოფიერ საპარლამენტო თანამშრომლობაზე, მათ შორის, ძლიერ კავშირებზე მეგობრობის ჯგუფებს შორის და გამოხატეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. შალვა პაპუაშვილმა მიმოიხილა უსაფრთხოების გამოწვევები და მადლიერება გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მიმართ საქართველოს მხარდაჭერისთვის ნატოში გაწევრიანების გზაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა 2023 წლის მარტში გამოქვეყნებულ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, უსაფრთხოების, თავდაცვისა და განვითარების პოლიტიკის განახლებულ ინტეგრირებულ კვლევაზე, სადაც საქართველოც არის ნახსენები და პირველადაა გამოყენებული ტერმინი „ოკუპაცია.“
ჯონათან ჯანოგლიმ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ვეროატლანტიკური ინტეგრაციისადმი გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა.
შეხვედრის დასასრულს, შალვა პაპუაშვილმა ჯონათან ჯანოგლის მადლობის სიგელი გადასცა ქართულ-ბრიტანულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის.