logo_geo
eng_logo
ილიას ზუროსი: ავსტრალია მსოფლოს ტოპ-გუნდებს შორისაა, მაგრამ როგორც ყოველთვის, თამაშის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ
- +

2 სექტემბერი. 2023. 15:20

 

 

3 სექტემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე ბოლო მატჩს გამართავს. ეს იქნება პრესტიჟის თამაში როგორც ჩვენი გუნდისთვის, ასევე მისი მეტოქე ავსტრალიისთვის. ისინი მეორე ჯგუფურ ეტაპზე საწყის მატჩებში დამარცხდნენ და მეოთხედფინალში თამაშის შანსი დაკარგეს. თუმცა ავსტრალიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგით 2024 წლის ოლიმპიადის საგზური გაინაღდა, ხოლო საქართველო მომავალ ზაფხულს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში ითამაშებს.

 

საქართველო-ავსტრალიის მატჩის წინა დღეს ორივე გუნდის მწვრთნელმა გადაწყვიტა კალათბურთელებისთვის დასვენების საშუალება მიეცა. ავსტრალიამ ვარჯიში საერთოდ გააუქმა, საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა კი მხოლოდ სროლებზე, მსუბუქად ივარჯიშეს.

 

ნაკრების ექიმს, თემურ ხვედელიძეს თორნიკე შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვკითხეთ. თოკოს წელი იმდენად აწუხებს, რომ გერმანიასთან გამაყუჩებლით ითამაშა, ავსტრალიასთან კი, დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს. ტრავმები აქვთ დუდა სანაძესა და მიხეილ ბერიშვილს, თუმცა როგორც მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გვითხრა, ექიმებთან ყველაფერი მატჩის წინ, ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდება.

 

 

ვარჯიშის შემდეგ გავესაუბრეთ მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს:

 

„პირველ რიგში ვიტყვი – ყველამ უნდა გავიაზროთ, რაოდენ მაღალ შედეგს მივაღწიეთ. გუნდი პირველად მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატზე და გავიდა ტოპ-16-ში. ეს ისტორიული მოვლენაა.

 

მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია – ნაკრებმა მოიპოვა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე თამაშის უფლება.

 

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენს მეხუთე მატჩს, მსოფლიოს ტოპ-გუნდს ვეთამაშებით. ავსტრალიას NBA-ის ცხრა კალათბურთელი ჰყავს. ეს არის გუნდი, რომელიც მაღალ ტემპში ათლეტურად თამაშობს. როგორც ყოველთვის ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. მესმის, რომ წაგების შემდეგ ზოგჯერ რთულია მენტალურად გადაწყობა, მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევძლოთ, საკუთარი თამაში ვაჩვენოთ და ღირსეულად დავასრულოთ მსოფლიო ჩემპიონატი“.

 

შეგახსენებთ, საქართველო-ავსტრალიის დაპირისპირება თბილისის დროით 11:30 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner