ავტორი ანა ნონიკაშვილი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ „რეპორტიორთან" საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდასთან, საკურორტო ზონებში მომსახურების ხარისხთან, ფასებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა.
- საქართველოში ტურისტების შემოსვლის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. აღნიშნული ფაქტი რამ განაპირობა?
- საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა 2016 წლის 8 თვეში რეკორდული იყო და 1 851 917 შეადგინა, ეს მაჩვენებელი 17.4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. ასევე ზრდა დაფიქსირდა საეთაშორისო მოგზაურების კუთხით, რუსეთი (ზრდა + 10.7%), აზერბაიჯანი (ზრდა +11.5%), უკრაინა (ზრდა + 22.9%), ირანი (ზრდა +497%), ისრაელი (ზრდა +59%), ყაზახეთი (ზრდა +34.2%), ბელარუსი (ზრდა +28.1%), აშშ (ზრდა +10.9%), ინდოეთი (ზრდა +331%), საუდის არაბეთი (ზრდა +130%) და ომანი (ზრდა +109%). ევროკავშირდან ზრდის კუთხით გამორჩეული ქვეყნებია: ლატვია (ზრდა +27%), უნგრეთი (ზრდა +19%), ჩეხეთი (ზრდა +16%), პოლონეთი (ზრდა +2.6) და გერმანია (ზრდა +2.7%). ტურიზმი დღეს ისეთი პრიორიტეტული სფეროა, როგორც არასდროს. მთავრობა აქტიურად არის ჩართული და ხელს უწყობს სხვადასხვა პროექტს, რომელიც ამ სფეროში ხორციელდება. ტურიზმის ადმინისტრაციამ შეიმუშავა 10-წლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და სწორედ ამ გეგმის მიხედვით ვმუშაობთ, მათ შორისაა ის მარკეტინგული აქტივობები, რასაც ტურიზმის ადმინისტრაცია ახორციელებს. მარტო ზაფხულის მარკეტინგული კამპანიისთვის წელს 15 720 000 ლარი დაიხარჯა. განხორციელდა ონ-ლაინ კამპანია, მსოფლიოს 16 ქვეყანაში, მონაწილეობა მივიღეთ 14 საერთაშორისო გამოფენაში, ვუმასპინძლეთ 434 უცხოელ ჟურანლისტს და 238 ტუროპერატორს.
- „Check in Georgia"-ს ფარგლებში გამართულმა ღონისძიებებმა რამდენად შეუწყო ხელი ტურისტების რაოდენობის ზრდას?
- პროექტი „Check in Georgia" 2016 წლის აპრილში დაიწყო და განხორციელდა კულტურული ღონისძიებების სერია, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა. პროექტის ფარგლებში გაიმართა კონცერტები მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით, კერძოდ, საქართველოს ეწვია ცნობილი იტალიელი მომღერალი ეროს რამაზოტი, ბრიტანელი პოპ-ვარსკვლავი რობი უილიამსი, ცნობილი მუსიკალური ბენდი „Maroon 5" და ლეგენდარული საოპერო მომღერალი ხოსე კარერასი. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის პროექტები ხელს უწყობს ცნობადობის ამაღლებას და ტურისტების მოზიდვას ქვეყანაში, ამიტომ პროექტი „Check in Georgia" ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. ჩვენ ეს პროექტი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასეულობით მილიონი ადამიანისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ საქართველო დინამიური ქვეყანაა, სადაც ასეთი დონის ღონისძიებები იგეგმება. ამან ხელი შეუწყო, ერთი მხრივ ცნობადობის გაზრდას და ტურისტების მოზიდვას, მეორე მხრივ კი, იმ ადამიანებისთვის უკეთესი შთაბეჭდილებების მინიჭებას, ვისაც უკვე ჰქონდა დაგეგმილი საქართველოში მოგზაურობა.
- საქართველოს ეკონომიკაზე რამდენად აისახა?
- უცხოელი ვიზიტორების დანახარჯებს დიდი გავლენა აქვს საქართველოს საგადამხდელო ბალანსზე. საქართველოს სერვისის ექსპორტის შემოსავლებიდან დაახლოებით 61,4% ტურიზმზე მოდის. 2015 წელს შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1,94 მილიარდ დოლარს (+8.3%), ხოლო 2016 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო შემოსავლებმა 354,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,7%-ით მეტია. როდესაც ტურისტების რაოდენობის ზრდაზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს დამატებით შემასავლებს სერთაშორისო ტურიზმიდან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში და ვფიქრობთ, რომ ეს წელი ტურისტების რაოდენობასთან ერთად, მიღებული შემოსავლების კუთხითაც იქნება რეკორდული.
- ზაფხულის სეზონზე ტურისტების ზუსტად რა ოდენობა დაფიქსირდა?
- ზაფხულის სეზონზე ტურისტების რაოდენობამ 1 069 103 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,4%-ით მეტია. აღნიშნული რაოდენობა რეკორდული იყო გასული წლების ზაფხულის სეზონთან შედარებით, ტურისტების დიდი რაოდენობა ყველასთვის შესამჩნევი იყო, რაც დადებითად აისახა მცირე ტურისტული ბიზნესის მქონე მეწარმეებზე.
- ზაფხულში საკურორტო ქალაქებში საკმაოდ მაღალი ფასებია. ეს ხომ არ გამოიწვევს შემდგომში ტურისტების ოდენობის შემცირებას?
- ფასი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით რეგულირდება, შესაბისად მეტი განთავსების საშუალების გაჩენა ბაზარზე, გამოიწვევს კონკურენციას და ფასის შემცირებას. აქედან გამომდინარე, მთავრობისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია, ხელი შეუწყოს განთავსების საშუალებების ზრდას. ამ კუთხით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, მრავალი პროექტი ხორციელდება ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებით გამოვყოფდი პროექტს „აწარმოე საქართველოში", რომელსაც დაემატა კომპონენტი სასტუმროების მშენებლობის მსურველებისთვის. ამ კომპონენტის მიხედვით მთავრობა ახორციელებს ბანკის პროცენტის სუბსიდირებას და უცხოური სასტუმრო ქსელის შემოყვანის შემთხვევაში „ფრანჩაიზის'' საფასურის 50%-იან დაფინანსებას.
- რამდენად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს მომსახურების დონე?
- მომსახურების ხარისხი ერთ-ერთი ის საკითხია, რომელიც ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელია. რა თქმა უნდა, ამ მხრივ არის საქართველოში პრობლემები და ჯერ არ ვართ ევროპული სტანდარტების დონეზე, თუმცა ვფიქრობ, რომ ხარისხის, გაუმჯობესებაშიც ძალიან დიდი მნიშვნელობა კონკურენციას ენიჭება. ჩვენის მხრივ, ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ინვესტორების დაინტერესებას და ამ მიმართულების კიდევ უფრო განვითარებას. რაც შეეხება უშუალო პროექტებს, ჩვენ, ადმინისტრაცია, მთელი წლის განმავლობაში, სხვადასხვა რეგიონში ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ადამიანებისთვის ვატარებთ ტრენინგებს. 2015 წელს ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული 1100 ადამიანი გადავამზადეთ, წელს კი უკვე 573 მოქალაქეს ჩავუტარეთ ტრენინგი. თემატიკა განსხვავებულია: სამთო გამყოლის საზვავე უსაფრთხოების კურსები, საბაზისო ინგლისური ენის კურსები, საგადასახადო კოდექსი და ფინანსური ანგარიშგება, სასტუმროს საქმე და მომსახურების უნარ-ჩვევები, პირველადი სამედიცინო დახმარება და სხვა. ჩამოგვყავს კვალიფიციური ტრენერები საზღვარგარეთიდანაც.
- შემდეგ წელს რა ღონისძიებები იგეგმება?
- 2017 წელს კვლავ გავაგრძელებთ ჩვენს ძირითად საქმიანობასა და ძირითად პროექტებს. აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს, მცირე ინფრასტრუქტურის განვითარებას, პრეს და ინფო ტურების ორგანიზებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქმიანი (MICE) და სამედიცინო ტურიზმის განვითარებას. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარმოჩენა, და ამ კუთხით კვლავ გავაგრძელებთ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას. როგორც მოგეხსენებათ, 7-9 სექტემბერს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღვინის პირველ საერთაშორისო კონფერენციას ვმასპინძლობთ, საქართველოში ჩამოდის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები და ვფიქრობთ, რომ ეს კონფერენცია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის პოტენციალს ამ კუთხით.
სასიხარულოა, რომ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO ) ღონისძიებას საქართველოში მომავალ წელსაც გამართავს. 4-7 აპრილს კი ევრაზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციას ვუმასპინძლებთ.
- 2017 წლისთვის უფრო მეტი ტურისტის შემოსვლას ელოდებით?
- მომავლისთვის პროგნოზები საკმაოდ ოპტიმისტურია. 2015 წელს საერთაშორისო მოგზაურების ზრდამ 7% შეადგინა, რაც 2015 წელს მომზადებული „საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025"-ის მიზნობრივ მაჩვენებლებთან სრულ თანხვედრაშია. სტრატეგიის მიხედვით, საერთაშორისო მოგზაურების ყოველწლიურმა ზრდამ 7% უნდა შეადგინოს. ამ ტემპით 2025 წელს საქართველო მიიღებს 11 000 000 საერთაშორისო მოგზაურს. რაც შეეხება 2017 წელს, ვფიქრობთ, რომ ზრდის ტენდენცია მომავალ წელსაც შენარჩუნებული იქნება.
- ზამთრის სეზონისთვის რა იგეგმება?
- ზამთრის სეზონისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შემოდგომა-ზამთრის მარკეტინგული კამპანიისთვის გამოეყო დამატებით 5,5 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებშიც განვათავსებთ ინტერნეტ რეკლამას შემდეგ ქვეყნებში:
გარდა ამისა, რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ბელარუსში ტელექტივობებიც გაქვს დაგეგმილი, კონკრეტულად კი, სარეკლამო რგოლის განთავსება წამყვან ტელეარხებზე.
ვფიქრობთ , რომ შემოდგომა-ზამთრის მარკეტინგული კამპანიაც ისეთივე ნაყოფიერი იქნება, როგორიც ეს გაზაფხული-ზაფხულის შემთხვევაში იყო. დარწმუნებული ვართ, რომ მთლიანად 2016 წელი რეკორდული იქნება ტურისტების რაოდენობის სტატისტიკური მონაცემებით და გაზრდილი შემოსავლების თვალსაზრისით.
- ქვეყანაში ყველაზე მეტი ტურისტის შემოსვლა წლის რომელ სეზონზე ფიქსირდება?
- საერთაშორისო მოგზაურებს შორის ყველაზე პოპულარული ზაფხულის სეზონია, რაც 2015 წლის მონაცემებით მთლიანი შემოსვლების 35.4%-ს შეადგენდა. თუმცა ჩვენი მიზანია, რომ საქართველო ოთხივე სეზონზე თანაბრად მომხიბვლელი იყოს ტურისტებისთვის და ამის პოტენციალი ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს. სწორედ ამიტომ ვახორციელებთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის გამოვყოფდი ველობილიკების მოწყობას ბაკურიანსა და გუდაურში, რაც ხელს შეუწყობს, რომ ეს სამთო კურორტები ექსტრემალური სპორტის მოყვარულებისთვის მიმზდველი სხვა სეზონზეც იქნება.