სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მზად არის, მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშავოს სეტყვით დაზიანებული ყურძენი და 1 კილოგრამში 0.90 ლარი გადაუხადოს.
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში - ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა.
რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.
სახელმწიფო არ დატოვებს მევენახე-ფერმერებს სტიქიით მიყენებული ზარალის პირისპირ მარტო და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას.