logo_geo
eng_logo
საქართველო-თურქეთის საზღვარზე, განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა
- +

3 სექტემბერი. 2023. 13:05

 

 

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის  მოსაზღვრე მხარეს განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა. ღონისძიებას თურქული მხარის მოწვევით დაესწრო საქართველოს დელეგაცია, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ხელმძღვანელობით. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა და უწყების ხელმძღვანელი პირები. 

 

ქართული დელეგაციის წევრებმა თურქ კოლეგებთან ერთად დაათვალიერეს განახლებული ინფრასტრუქტურა და გაეცნენ საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

 

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის სახელით თურქ კოლეგებს მიულოცა განახლებული საბაჟო ინფრასტრუქტურის გახსნა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის საბაჟო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას

 რაც ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად უკავშირდება საბაჟო პროცედურების დახვეწა-გამარტივებას, სატრანსპორტო საშუალებების, საქონლისა და მგზავრების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფასა და ვაჭრობის წახალისებას. 

 

როგორც მან აღნიშნა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკისთვის, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფანში მყოფი ქვეყნებისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მიმზიდველი და კონკურენტული სატრანზიტო დერეფნის განვითარებას, რისთვისაც  მნიშვნელოვანია საბაჟო სფეროში განვითარების ერთიანი პრინციპების ჩამოყალიბება.

 

გიორგი კაკაურიძის თქმით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს საბაჟო-გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურის განვითარება,  თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა და საბაჟო პროცედურების ეფექტურად წარმართვა წარმოადგენს. 

 

„ამ მიმართულებით, საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია. როგორც თქვენთვის ცნობილია „სარფის“, „თურგოზუ-ვალეს“ და ,,კარწახი-ჩილდირ-აკტაშის“ სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტები წარმოადგენენ სამაგალითო გამშვებ პუნქტებს რეგიონში.

 

ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ორ ქვეყანას შორის გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის შესახებ შეთანხმება, რაც წარმოადგენს განვითარებული ინფრასტრუქტურის უფრო ეფექტურად გამოყენების  მექანიზმს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

 

მან იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის მხრიდან თანამედროვე სტანდარტებით და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კიდევ ერთი გამშვები პუნქტების არსებობა, დააჩქარებს საბაჟო პროცედურებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკურგანვითარებას.

 

 გაზრდილი საერთაშორისო ტვირთნაკადის პირობებში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე” ყოველდღიურად ატარებს 150 მსუბუქ ავტომანქანას, 600-მდე საზღვრის მკვეთ პირს და 300-ზე მეტ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებას. თურქეთის მხრიდან განახლებული საბაჟო ინფრასტრუქტურის გახსნის შემდეგ, მოსალოდნელია აღნიშნულ მონაცემთა გაორმაგება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner