logo_geo
eng_logo
ვიოლა ფონ კრამონი: უკრაინის მიმართ დიდ სოლიდარობას ვხედავთ, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში შესაბამისი ნაბიჯები არ გადაგვიდგამს, ეს იყო მთავარი შეცდომა
- +

3 სექტემბერი. 2023. 18:52

 

 

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა, რომ დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, როცა რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ შესაბამისად არ იმოქმედა.

 

მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის პრიორიტეტული საკითხი ევროპარლამენტში.

 

„ჩვენ აქ პირველად არ ვართ. მე ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ადრეც ვიმყოფებოდი ბევრჯერ, ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდეც, მაგრამ დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოხატვა და იმის ნახვა, რაც ხდება. ცხადია, არის იმედგამაცრუებელი ჩვენთვის, რადგან ვხედავთ, რომ ყველა საერთაშორისო მოლაპარაკებას ამ დრომდე ნულოვანი შედეგი აქვს.

 

ჩვენ გვესმის, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ არ იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური განვითარება თბილისში მიუთითებს რუსეთთან დაახლოების მცდელობაზე, აქ, საოკუპაციო ხაზთან სიტუაცია მაინც არ იცვლება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის პრიორიტეტული საკითხი ჩვენთვის ევროპარლამენტში, ევროკავშირის ინსტიტუტებში.

 

საქართველოში არსებული მდგომარეობა გვახსენებს, რომ დიდი შეცდომა იყო, როდესაც არ გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენ უკრაინის მიმართ დიდ სოლიდარობას ვხედავთ, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, უკრაინისგან განსხვავებით, შესაბამისი ნაბიჯები არ გადაგვიდგამს. ასე რომ, ეს იყო მთავარი შეცდომა“, - აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner