logo_geo
eng_logo
თენგიზ ნასარიძე: დაზღვეულ ვენახებს რისკი საგრძნობლად შემცირებული აქვთ, რადგან გარანტირებული აქვთ ხარჯების ანაზღაურება
- +

3 სექტემბერი. 2023. 20:09

 

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თენგიზ ნასარიძე კახეთის რეგიონში, მხარის რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან ერთად, სტიქიის შედეგებს რამდენიმე მუნიციპალიტეტის სოფლებში გაეცნო. კერძოდ, შეხვედრები გაიმართა თელავის, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სოფელში - სანიორე, ნაფარეული, ვაზისუბანი, ჯუგაანი, ტიბაანი და ძველი ანაგა.

 

მევენახეებთან საუბარში, თენგიზ ნასარიძემ ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მზადყოფნას დაზიანებული ყურძნის მიღება-ჩაბარების კუთხით. მანვე ფერმერებს აგროდაზღვევის უფრო აქტიურად გამოყენებისკენ მოუწოდა.

 

„კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ დაზღვეულ ვენახებს რისკი საგრძნობლად შემცირებული აქვთ, რადგან გარანტირებული აქვთ ხარჯების ანაზღაურება. სადაზღვევო კომპანიები უახლოეს დღეებში დაიწყებენ ადგილზე შეფასებას, დაითვლაინ ზარალს და დაიწყება ანაზღაურების პროცესი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ფერმერებს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ აგროდაზღვევა, სადაც ძირითად ხარჯებს იღებს სახელმწიფო და მხოლოდ 30%-ია ფერმერის გადასახდელი.  უნდა გამოიყენონ ფერმერებმა ეს შესაძლებლობა, რადგან ასეთი კლიმატური მოვლენების დროს ექნებათ გარანტირებული შემოსავალი“  -აღნიშნა მან.

 

2 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა.

 

ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner