ქართველი ფეხბურთელებისთვის წარმატებული უქმეები გურამ კაშიამ განაგრძო, რომელმაც ბრატისლავის „სლოვანში“ გოლი გაიტანა და გუნდს „პოდბრეზოვასთან“ მოგებაში დაეხმარა – 3:2.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი მცირე ტრავმის შემდეგ „სლოვანს“ კაპიტნის სამკლავურით დაუბრუნდა და, ჯაბა კანკავასთან ერთად, ძირითად შემადგენლობაში იყო.
სლოვაკეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეხვედრა „სლოვანმა“ კარგად დაიწყო და 22-ე წუთზე ტიგრან ბარსეგიანის გოლით დაწინაურდა, მაგრამ სტუმრებმა 78-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს, 87-ე წუთზე კი წინ გავიდნენ.
კაშიამ 90+3-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ერთ წუთში ბარსეგიანმა დუბლი შეასრულა და ბრატისლაველებს გამარჯვება მოუტანა.
ექვსი ტურის შემდეგ „სლოვანი“ რვა ქულით მეექვსე ადგილზეა, მაგრამ ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და მათი მოგების შემთხვევაში, ლიდერ „ჟილინასთან“ (15) სხვაობის მინიმუმამდე შემცირება შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ შაბათ-კვირას გამართულ თამაშებში გოლები გაიტანეს ოთარ კიტეიშვილმა (ავსტრიაში), საბა ლობჟანიძემ (ამერიკაში), ბექა მიქელთაძემ (კორეაში), გაბრიელ სიგუამ (შვეიცარიაში), ზურიკო დავითაშვილმა (საფრანგეთში) კი საგოლე გადაცემა შეასრულა.