NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თბილისშია. ალიანსის გენერალური მდივანი საქართველოში ჩრდილოატლანტიკურ საჭოსთან ერთად ჩამოვიდა.
NATO-ს გენერალურ მდივანს და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს საპატიო ყარაულით დახვდნენ. აეროპორტში იმყოფებოდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, გენშტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში დღეს გაიმართება NATO-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობით.
ასევე დაგეგმილია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში 8 სექტემბერს NATO-ს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და სტუდენტების კითხვებს უპასუხებს.