logo_geo
eng_logo
თამარ ჩიბურდანიძე: თუ ვინმეს ჰგონია, საქართველო ტერიტორიებს რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე დაიბრუნებს, ის პოლიტიკური ბეცია!
- +

4 სექტემბერი. 2023. 11:04

 

 

მსოფლიო პოლიტიკაში მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება, გამონაკლისი არც გასული კვირა აღმოჩნდა. კანდიდატის სტატუსის მომლოდინე ქვეყანას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გვითხრა, 2030 წლამდე წევრობაზე ოცნებაც არ ღირსო, პარალელურად კი, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიწვია... ეკონომიკური ალიანსი „ბრიქსი“ კიდევ უფრო ფართოვდება და რუსეთის, ჩინეთის, ბრაზილიის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის კავშირს, არგენტინა, ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია, საუდის არაბეთი და გაერთიანებული საამიროებიც შეუერთდნენ... „ხალხის ძალის“ წევრთან, პოლიტოლოგ თამარ ჩიბურდანიძესთან ერთად, გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს ვაფასებთ...

 

- გასულ კვირაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადება იყო, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის გაფართოვება 2030 წლამდე არ იგეგმება. მანამ, სანამ შარლ მიშელის განცხადებას დეტალურად მიმოვიხილავდეთ, მინდა გკითხოთ, სხვა უზარმაზარ ეკონომიკურ ალიანსზე - „ბრიქსზე“, რომელიც დღითიდღე ფართოვდება და უზარმაზარ მასშტაბებს იღებს... ქალბატონო თამარ, თქვენი აზრით, ხომ არ მოვიდა დრო, ევროკავშირის გარდა, ალტერნატიულ კავშირში გაერთიანების პერსპექტივაც განვიხილოთ, მითუმეტეს, რომ „ბრიქსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა ჩინეთია, რომელთანაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს?

 

- როცა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა, ინგლისში ვიმყოფებოდი. კარგად მახსოვს მაშინდელი პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა, სადაც მან ძალიან საყურადღებო ფრაზა თქვა - ევროკავშირმა თავისი რესურსი ამოწურა, ახლა დროა ახალი კავშირების! ევროკავშირში რეალურად სამი ძლიერი ეკონომიკის ქვეყანა იყო გაერთიანებული - ინგლისი, საფრანგეთი და გერმანია, რომლებიც, ფაქტობრივად, ყველა დანარჩენ ქვეყანას არჩენდნენ. ანუ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა „ბრექსითი“ განხორციელდა, ჩაფიქრებული იყო ახალი ალიანსების შექმნა. რაც შეეხება კონკრეტულად „ბრიქსს“, მისი საერთო მშპ უკვე უსწრებს დიდი შვიდეულის საერთო მშპ-ს და მასში გაწევრიანებულ სახელმწიფოთა მოსახელობის ჯამი მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენს. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირის ხუთი თუ ექვსი წევრი ქვეყანაც ემზადება „ბრიქსში“ გასაერთიანებლად, რადგან ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ იმისი თავისუფლება, პარალელურად, სხვა კავშირების წევრებიც იყვნენ. აქედან გამომდინარე, არც საქართველოსთვის იარსებებს არანაირი წინააღმდეგობა, ევროკავშირის წევრობის პარალელურად,  სხვა ეკონომიკური ალიანსის წევრიც თუ ვიქნებით. მე, როგორც მეცნიერი და პოლიტოლოგი, და არა როგორც „ხალხის ძალის“ წევრი პოლიტიკოსი, ვფიქრობ, რომ საქართველო ყველა იმ ეკონომიკურ ალიანსში უნდა გაერთიანდეს, რომელიც საქართველოს ძლიერ სახელმწიფოდ აქცევს!

 

- ვიღაც გეტყვით, კი მაგრამ, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა ხომ რუსეთიაო...

 

 

- მერე რა მოხდა, იყოს რუსეთი! ბოლოს და ბოლოს, მას ულევი ბუნებრივი რესურსები გააჩნია. უკრაინის ომის ფონზეც კი, არც ამერიკას და არც ევროკავშირს, არათუ არ შეუწყვეტიათ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები, პირიქით, გაზარდეს. ასე რომ, ვერავინ ვერავის ვერაფერში ვერ მოატყუებს! ჩვენთვის კი რა არის მთავარი? ის, რომ მსოფლიოში შექმნილი დღევანდელი რეალობა საჩვენოდ გამოვიყენოთ და, ახალი თუ ძველი პარტნიორების მხარდაჭერით, შევძლოთ რუსეთთან პოლიტიკის იმ დონეზე დალაგება, რომ დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნოთ.

 

- მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის აუცილებლობაზე ხომ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმაც ისაუბრა, სულ ცოტა ხის წინ...

 

- ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა, მოლაპარაკების გზაა. თუ ვინმეს ჰგონია, საქართველო ტერიტორიებს რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე დაიბრუნებს, ის პოლიტიკური ბეცია, ხოლო თუკი ვინმე  შეგნებულად გვატყუებს, ის უკვე ქართველი ხალხის მტერია! ვერც ევროკავშირი და ვერც NATO (ხვალვე რომ მიგვიღონ წევრად), ვერც ამერიკა, ვერც ჩინეთი, ვერც თურქეთი, ვერც ისრაელი და ვერც ვერავინ სხვა, ვინც არ უნდა ჩაგვიდგეს თავდებში, ვერ შეძლებს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, თავად კონფლიქტის მხარის ჩართულობის გარეშე,..

 

- არც რუსეთთან და არც „ბრიქსთან“, ამ ეტაპზე, საქართველო არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, აი, ევროკავშირში კი, ბოლო ათწლეულებია ვცდილობთ მოხვედრას. თუმცა, ამის პასუხად, სულ რამდენიმე დღის წინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, მინიმუმ კიდევ შვიდი წელი მოგიწევთ ლოდინიო... შარლ მიშელის განცხადებაში თქვენ პოზიტიური გზავნილები უფრო დაინახეთ თუ ნეგატიური?

 

- დასავლეთის მხრიდან მუდმივად გვესმის დაპირებები, დაპირებები, დაპირებები... ამ შეუსრულებელმა დაპირებებმა კი, ქართველ ხალხში იმედგაცრუება გამოიწვია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის მხრიდან არ ყოფილა იმდენი დაპირება, რამდენიც იყო NATO-ს მხრიდან, რადგან ევროკავშირის წევრობისთვის, მართლაც მთელი რიგი პროცედურები იყო გასავლელი. NATO-ს მსგავსად, ევროკავშირთან მიმართებაშიც აქვს ქართველ ხალხს იმედგაცრუება. შარლ მიშელის ბოლო განცხადებამ კი ცხადყო, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭება დეკემბერში, 2030 წლისთვის კი, კავშირის წევრობა, იმედისმომცემი დაპირება კი არა, უკვე რეალური ფაქტი იქნება!

 

- ქალბატონო თამარ, რა გაძლევთ ამ უზარმაზარი ოპტიმიზმის საბაბს?

 

- საქართველოს როლი მსოფლიო გლობალურ პოლიტიკაში მკვეთრად გაიზარდა. სულ ვამბობდი და დღესაც გავიმეორებ, რომ თავად საქართველოს არ სჭირდება იმდენად ევროკავშირი, რამდენადაც ევროკავშირს სჭირდება საქართველო, ეს პრივილეგია ჩვენთვის არავის უჩუქებია, ეს ფუნქცია მსოფლიო პოლიტიკაში თავად საქართველომ მოიპოვა! მსოფლიოს პოლიტიკური ეპიცენტრი თითქმის საუკუნის მანძილზე ევროპა იყო, თუმცა, ეს მოცემულობა იცვლება, აღმოსავლეთის და სამხრეთის გიგანტი სახელმწიფოების გაძლიერებამ და მათ ლიდერ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებამ დედამიწა გააწონასწორა, რის შედეგად, გეოგრაფიული თვალსაზრისით, პოლიტიკური ეპიცენტრი გადმოდის კავკასიაში, სადაც დომინანტი ქვეყანა საქართველოა. გაერო-ს მიერ გამოყენებული ტერმინიც გემახსოვრებათ, რომლის მიხედვითაც, ჩვენ გეოპოლიტიკური კარიბჭე ვართ (ამ ტერმინს, საქართველოსთან მიმართებაში, ევროკავშირიც იყენებს). ანუ, როგორც იქნა ყველამ აღიარა, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა მხოლოდ გეოგრაფიული კი არა, მსოფლიოს გეოპოლიტიკური კარიბჭეცაა, რაც თავიდან ბოლომდე, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დამსახურებაა!

 

- მსოფლიო პოლიტიკური ეპიცენტრი იცვლებაო, განაცხადეთ... ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი და სი ძინპინის მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილის პომპეზური დახვედრაც იმას ხომ არ მოწმობს, რომ საქართველო მხოლოდ ერთი მიმართულებით აღარ იყურება?

 

- თქვენ თავადაც ნახეთ, როგორ გამოეხმაურნენ ევროპელები ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტს და საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ კავშირებს. ანუ ჩვენი როლი მსოფლიოში აღიარა როგორც დასავლეთმა, ისე აღმოსავლეთმაც, რასაც, დარწმუნებული ვარ, საქართველოსადმი სულ სხვა მიდგომები მოჰყვება რუსეთის მხრიდანაც! მერწმუნეთ, საქართველო აღარაა ის ქვეყანა, რომელსაც, ხან ერთი ქვეყანა იპყრობდა, ხან მეორე, საქართველომ ისწავლა დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში, რასაც არ გვპატიობენ, რომლის გამოც გვაკრიტიკებენ, რომლის გამოც „რუსეთუმეებს“ გვეძახიან. ანუ, დღეს საქართველოში „რუსეთუმედ“ მოიხსენიებენ იმას, ვინც ნამდვილ, ეროვნულ, ქართულ პოლიტიკას აწარმოებს, მაგრამ არაუშავს, ჩვენ ამას არ ვაქცევთ ყურადღებას, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს, ხელისუფლება აკეთებს თავის საქმეს, ანუ იმას, რაც ქვეყანას სასიცოცხლოდ  სჭირდება! ამ გარდამავალ პერიოდში, როდესაც ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება, ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც ჩვენ ვართ, ასეთ ამბიციურ განაცხადს აკეთებს, რომ მას სურს დამოუკიდებელად არსებობა და არა ქვეშევრდომობა, როგორც აქამდე იყო. საქართველო იწყებს პარტნიორობასა და თანამშრომლობას სხვადასხვა სახელმწიფოებთან.

 

- და ბოლოს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი შეთანხმება გვაქვს შესასრულებელი. როგორ ფიქრობთ, ყველა სხვა პუნქტი რომ შესრულდეს, როგორ შევასრულებთ დეპოლარიზაციის პუნქტს, იმ დროს როდესაც, დასავლეთი მხარს რადიკალურ ოპოზიციას უჭერს, რომელიც ყველა მოვლენას სათავისოდ იყენებს და პოლარიზაციას აღრმავებს... ანუ, თუკი თავად დასავლეთი წააქეზებს დეპოლარიზაციას, როგორ შეასრულებს ხელისუფლება ამ პუნქტს?

 

- ეს პუნქტი შესრულებული ვერ იქნება და, დარწმუნებული ვარ, თავად ევროპელებს მოუწევთ ამ პუნქტზე თვალის დახუჭვა. ევროპა და ამერიკა, ყველა საკითხში ერთ აზრზე არ არიან, რადგან, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის შეცდომები ყველაზე მეტად სწორედ ევროპას აზარალებს. პოლარიზაციას საქართველოში შეგნებულად აღვივებენ, რათა მოქმედი ხელისუფლება გზიდან ჩამოიშორონ, თუმცაღა, ევროპა ბოლომდე აღარ ემორჩილება ამერიკის ბრძანებებს. ჩვენ კანდიდატის სტატუსი ევროპაზე ამერიკის ზეწოლის გამო არ მოგცეს, თუმცა, მჯერა, რომ ევროპა აღარ გაიმეორებს უკვე დაშვებულ შეცდომას და ამჯერად მაინც გაუძლებს ამერიკის ზეწოლას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner