პოლიტიკური პარტიის „ბედნიერი საქართველოსთვის" თავმჯდომარე ლეონიდ ჩერნოვეცკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ:
„ჩემს სოციალურ გვერდზე პერიოდულად ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ მე ვარ გარკვეული პოლიტიკური ძალის პროტეჟე. თან ისეთი დარწმუნებით ამტკიცებენ ამ ფაქტს, რომ საკუთარ თავსაც და სხვებსაც აჯერებენ, რომ ვიღაც უწმინდურის მარიონეტი ვარ.
ჩემი პოლიტიკაში მოღვაწეობის 20 წლის განმავლობაში, არასდროს მქონია მჭიდრო კავშირი რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებასთან, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. არასდროს ვყოფილვარ ვიღაცის პროტეჟე და არც მომავალში ვიქნები, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჩემს ხასიათს, შინაგან ბუნებას და ცხოვრებისეულ პრინციპებს.
სხვაგვარად რომ ყოფილიყო, იანუკოვიჩს და მის თანამოაზრეებს არ ექნებოდათ ასეთი შიშის განცდა და ჩემი მოშორების, დისკრედიტაციის სურვილი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი თავისთვისაც არ დამითმია და პატიოსან ადამიანად დავრჩი - თანამდებობებს არანაირი ფასეულობა არა აქვს, თუ შენს თავსა და შენს პრინციპებს უღალატებ.
ამიტომ, მინდა, ოფიციალურად, საჯაროდ და ღიად განვაცხადო - ჩემი პოლიტიკური მოძრაობა, ისევე, როგორც მე პირადად, არ ვართ კავშირში სხვა პოლიტიკოსებთან და მოძრაობებთან როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. თქვენ იკითხავთ, კი მაგრამ, რატომ მოვდივარ პოლიტიკაში?
ჩემი პასუხი მარტივია - ცხოვრებაში მივაღწიე ყველაფერს, იმასაც კი, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდი. მეკავა უმაღლესი სამსახურებრივი პოზიციები, შევქმენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესი უკრაინაში, დავიცავი საკანდიდატო ნაშრომი და გავხდი უკრაინის დამსახურებული იურისტი. რეალიზებული ვარ როგორც მამა, კაცი და სხვა მრავალი მიღწევა გამაჩნია.
ახლა კი, როგორც ამბობენ, დადგა „ჟამი ქვების შეგროვებისა" - მინდა, საკუთარი თავი და ჩემი ცხოვრების დარჩენილი დღეები მივუძღვნა გარშემო ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას. ჩემთვის აღარაფერი მინდა, ყველაფერი მაქვს და დიდი ხანია, ვცხოვრობ იმისთვის, რომ გავცე.
ის თემა კი, რომ მე ვიღაცის პროტეჟე ვარ, არ არის აქტუალური. ერთადერთი, ვის სამსახურშიც ვარ და ვიქნები უკანასკნელ ამოსუნთქვამდე - ეს არის ქართველი ხალხი!!!" - ნათქვამია ჩეროვეცკის განცხადებაში.