logo_geo
eng_logo
ეკა სეფაშვილი: თეორიულად არ გამოვრიცხავ ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის ვაჭრობის არსებობას, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული ტიპის მიზნები ამოძრავებდეთ, რასაც მალე დავინახავთ
- +

5 სექტემბერი. 2023. 09:14

 

 

„პროცესები განვითარდება ისე, როგორც დავალება იქნება. თუ გლობალური ომის პარტია გადაწყვეტს, შეარჩევენ მომენტს და ზუსტად ისე განვითარდება მოვლენები. რადიკალური ოპოზიცია და მათ შორის პრეზიდენტი, როგორც მან ეს არაერთგზის დაამტკიცა ქმედებებით, არის გლობალური ომის პარტიის დავალებების შემსრულებელი“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ სტუმრობისას.

 

ეკა სეფაშვილმა  არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ  მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების სანაცვლოდ ოპოზიცია არ დაუჭერს მხარს იმპიჩმენტის პროცესს.

 

„თეორიულად არ გამოვრიცხავ ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის ვაჭრობის არსებობას, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული ტიპის მიზნები ამოძრავებდეთ, რასაც მალე დავინახავთ. წარმოიდგინეთ, რომ ერთი მხრივ, მივიღებთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ ეს იყო კონსტიტუციის ცალსახა დარღვევა. მეორე მხრივ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უნდა აღიარონ სასამართლოს გადაწყვეტილება, თქვან რომ ფიცი დადებული აქვთ კონსტიტუციის დაცვაზე, მაგრამ თან თქვან, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს არ ემხრობიან, ანუ ფაქტობრივად უნდა აღიარონ, რომ ემხრობიან კონსტიტუციის დარღვევას. ამას თუ მივაბამთ ევროინტეგრაციის პროცესს და მეორეხარისხოვანი აქტორებისაგან მიშას გათავისუფლების მოთხოვნას, რაც არაოფიციალურად არაერთხელ გაჟღერებულა, გამოდის, რომ ევროინტეგრაცია და ევროინტეგრაციის პროცესი, მათი თვალთახედვით, გულისხმობს კონსტიტუციის დარღვევას. თუ დავარღვევთ კონსტიტუციას, მაშინ მოგვენიჭება სტატუსი?! რაც სრული ნონსენსია“, -  განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

 

მან ასევე ისაუბრა ხელისუფლების მიერ ევრორეკომენდაციების შესრულებაზე და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ასრულებს რეკომენდაციებს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე.

 

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვემხრობით ევროინტეგრაციის პროცესს, ვასრულებთ არა მხოლოდ 12 რეკომენდაციას, არამედ ასოცირების შეთანხმების პუნქტებს, რომლებიც გაწერილია პუნქტობრივად და რომლის სრულად შესასრულებლად კიდევ გვაქვს დრო. ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე. ეს არ უნდა იყოს ცალ ფეხზე დგომა, საქართველოს ღირსებისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცველი მოთხოვნების შესრულება, ისეთის როგორიცაა საკუთარი ეკონომიკის შემცირება, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის დონის შემცირება, ისე როგორც ამას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები. ახლა მაგალითად, მიდის საუბარი, რომ ევროკავშირის 5 წამყვანი ქვეყანა ამბობს, რომ დააწესებს სანქციას უკრაინიდან მომავალი ხორბლის ექსპორტზე, იმ უკრაინიდან, რომელიც ჩაბმულია სასტიკ ომში რუსეთთან იმიტომ, რომ დაიცვან საკუთარი მოქალაქეები. ამ ორმაგ სტანდარტებს ჩვენ არ შევეგუებით და ამიტომაც დავაფუძნეთ ჩვენი მოძრაობა, რომ ასეთი მომენტების შესახებ ხმამაღლა ვილაპარაკოთ და ხმამაღლა დავიცვათ ჩვენი პოზიცია“, -  დასძინა ეკა სეფაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner