logo_geo
eng_logo
სრული ნეგატივი დიდი პოზიტივით
- +

5 სექტემბერი. 2023. 14:12

 

 

ამ წერილს ორი მიზეზის გამო ვწერ: ერთი ის გახლავთ, რომ ამა თუ იმ პროცესის დასრულება, როგორც წესი, შეჯამებას ითხოვს ხოლმე; ხოლო მეორე - ჩაგდებული საბრძოლო დავალებების გამო, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ ბიოლოგიური ზიზღით გაჟღენთილ ამერიკის ელჩს (ყოფილს) არ უნდა მიეცეს ბოლო სიტყვის დატოვების უფლება (ათასგვარი შეურაცხყოფით „დახუნძლული“ მისი ბოლო ინტერვიუ მაქვს მხედველობაში).

 

სპეცოფიცერ კელი დეგნანის „მოღვაწეობა“ საქართველოში, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, უაღრესად დადებითი მოვლენა იყო. ერთადერთი მექანიზმი, რომელიც პატარა სახელმწიფოს ზესახელმწიფოსგან თავისი ეროვნული ინტერესების დაცვისთვის გააჩნია - მხილებაა. რომ არა კელი დეგნანი, საქართველოს ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდებოდა ქართველი საზოგადოებისთვის აეხსნა, რომ „ბოროტების იმპერიასთან“ ათწლეულების მანძილზე მებრძოლი ამერიკის შეერთებული შტატები არც თვითონაა წმინდა წყლის დამლევი და რომ თავისი ინტერესების გატარებისთვის ყველაფერზეა ხელისმომწერი.

ამერიკის თითქმის ყველა ელჩი ჩვენს მიმართ, გარკვეული მეტ-ნაკლებობით (დროისა და ვითარების შესაბამისად), გამოხატავდა პატრონ-ყმურ დამოკიდებულებას. ამას თითქოს შეჩვეული ვიყავით, ოღონდ ბედის ანაბარა არ დავრჩენილიყავით ამ დაუნდობელ სამყაროში. მაგრამ ქალბატონი კელი... ეს სულ სხვა მასშტაბი იყო, სხვა განზომილება... მას, უბრალოდ, ვძულვართ, მზად არის, ერთიანად გაგვჟუჟოს, არა მხოლოდ საბრძოლო დავალების („მეორე ფრონტი“) ფარგლებში, არამედ ისე, უცოდინარობითა და არაკვალიფიციურობით გამოწვეული თავისი სიპატარავის კომპლექსის დასაკმაყოფილებლად. დიპლომატიასთან სრულიად შეუსაბამო, „ნაჯახის მეთოდით“ ჩატარებული სამუშაოები, არა მხოლოდ მომზადების დაბალი დონის, არამედ ამ მაღალი პერსონის შინაგანი დამოკიდებულების გამოხატულებაც იყო.  

 

ამ ისტორიაში ყველაზე მძიმე ის გახლავთ, რომ ეს ყველაფერი „მეგობარი“ და „სტრატეგიული პარტნიორი“ სახელმწიფოსადმი ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულებას აჩვენებს. როცა საქართველოსთან ურთიერთობაზე პასუხისმგებლობას ორ დაბალი რანგის ოფიცერს, კელი დეგნანსა და ადამ კინზინგერს აბარებენ, ეს მხოლოდ იმის მაუწყებელია, რომ ძალიან მეორეხარისხოვნებად გვთვლიან.

 

სწორედ ამიტომ აქვთ სწორება ხაბეიშვილებსა და წითლიძეებზე. ფართოდ აპრობირებული, „ჩვენი ნაძირალების“ პრინციპით მოქმედების დროს, გათვლა, როგორც წესი, უჯიშოებზე, უსამშობლოებზე და ყველანაირ კონკურენციაში უშანსო ადამიანებზე კეთდება - „მე დაგაყენებ შენზე ძლიერზე, შენზე ჭკვიანზე, შენზე მცოდნეზე წინ, სანაცვლოდ, სიტყვის შეუბრუნებლად შეასრულებ ჩემს ყველა დავალებას“.

 

ყველაფერი, რაზედაც აქამდე ვილაპარაკე, რასაკვირველია, მხოლოდ ნეგატიურად შეიძლება ფასდებოდეს. იკითხავთ, რაც მხოლოდ ნეგატიურად შეიძლება ფასდებოდეს, დადებითი და მითუმეტეს უაღრესად დადებითი როგორღა იქნებაო? დადებითი და უაღრესად დადებითი ის გახლავთ, რომ ფაქტებს და მოვლენებს დაერქვათ თავისი სახელები. დღეიდან ვიცით, რომ საფრთხეების დაძლევაში, მშვიდობისთვის ბრძოლაში, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს და რომ ჩვენს განკარგულებაშია მხოლოდ ერთადერთი იარაღი - სიმართლე(!).

 

ელდარ რიაზანოვის ცნობილი ფილმის კომიკურ პერსონაჟამდე დაშვებული „დიპლომატი“ რომ არა, ქართულ საზოგადოებას ძალიან გაუჭირდებოდა იმის დაჯერება, რომ -

 

- ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებული იყო, არჩევნებში ჩარევის თუ ქუჩიდან დესტაბილიზაციის ორგანიზების გზით, მოეხდინა ხელისუფლების ცვლილება;

 

- უკრაინის ხელისუფლების, „ევრომეგობრების“, „ქართული ოპოზიციისა“ და ოკეანის გაღმიდან უხვად დაფინანსებული ე.წ. ენჯეოების მიერ წარმოებული კამპანია, „სოხუმსა და ცხინვალში გასეირნებასთან“ დაკავშირებით, ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის კარნახით არის მართული;

 

- წინასწარ ჩაგდებისთვის განწირული, თბილისში არეულობის მოსაწყობად მოგონილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მოთხოვნის ინიცირება „დასავლელი მეგობრების“ ფანტაზიის ნაყოფია და დღემდე მანიპულირებენ აღნიშნულით;

 

- საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა ხდება აგენტურის ფართო ქსელის მეშვეობით, რომელიც საერთო უწყინარი სახელით - „სამოქალაქო სექტორი“ - არის შენიღბული. ამ სეგმენტის გადასარჩენად (მათი საქმიანობის გამჭვირვალობის დასაბლოკად), ამერიკული კანონის „რუსულ კანონად“ გამოცხადებაც იკადრეს და ისიც იკადრეს, რომ აკერმანების დატრენინგებული გოგო-ბიჭები ცეცხლითა და მახვილით შეესიათ სამართალდამცველებისთვის, სახელმწიფო შენობებისა და სხვა უძრავ-მოძრავი ქონებისთვის.

 

ჩამონათვალი გრძელია, მაგრამ ვფიქრობ, ესეც საკმარისია ელჩი დეგნანის „დამსახურებებში“ დასარწმუნებლად...

 

დასკვნა ასეთია, ემოციებისგან უნდა გავთავისუფლდეთ და ცივი გონებით ვმართოთ ის პოლიტიკა, რომელმაც მშვიდობა შეგვინარჩუნა. უკრაინაში ომის დასრულებამდე ნარ-ეკლიან გზაზე გვიწევს სიარული, მაგრამ ხალხისა და ხელისუფლების ერთობით გავუძლებთ და ამ უსამართლო და უთანასწორო ბრძოლიდან უფრო გაძლიერებული გამოვალთ(!).

 

მშვიდობით, დეგნან...

სალამი, დანიგან.

 

ბიძინა  დვალი

04.09.2023 წ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner