„რისთვის ემზადება ქართული ოპოზიცია? ამ კითხვის პასუხია: ის ემზადება ხელისუფლებაში მოსასვლელად“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
კაკაბაძის თქმით, ვინაიდან სახელმწიფო გადატრიალება ვერ ხერხდება, დესტრუქციული ძალები ცდილობენ ყველა საშინაო და საგარეო რესურსის მობილიზებას. ახლახან ნინო ლომჯარიასთვისაც შეუქმნიათ ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია. „მთავარმა არხმაც“ გამოაცხადა, ნაცების ტელევიზია აღარ ვართო. ოპოზიციის „ევროპულ-დემოკრატიული, კეთილშობილური-პატრიოტული, უფლებადაცვითი, ჰუმანური“ და კიდევ მრავალ კარგ დაპირებებში შეფუთული, პირადი ინტერესების რეალიზებისთვის, საჭიროა, არჩევნების გზით „პრორუსული“ ხელისუფლება შეიცვალოს. უნდა დააჯერონ ქართველი ამომრჩევლები, რომ ოპოზიცია სიკეთეა, ხელისუფლება - ბოროტება.
„რისთვის ემზადება ქართული ოპოზიცია?
ამ კითხვის პასუხია: ის ემზადება ხელისუფლებაში მოსასვლელად.
ამაში თითქოს გასაკვირი არაფერია, რადგან ყველა ქვეყნის ოპოზიციის დანიშნულებაც და მიზანიც ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობაა, მაგრამ ქართული ოპოზიცია ამ შემთხვევაში განსაკუთრებულია.
მისი სტრატეგია ასეთია:
იმის მიხედვით, როდის რა დასჭირდება, უნდა ამტკიცოს, რომ თეთრზე შავია ან შავზე თეთრია.
მათი მტკიცებით, 2020 წლის არჩევნების შედეგად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა არჩევნების გაყალბებით მოხდა (თუმცა, ამის დამადასტურებელი ერთი საბუთიც არ მოუტანიათ), ამიტომ პარლამენტიც და ხელისუფლებაც არალეგიტიმურია, რის გამოც მისი ძალადობრივი დამხობაც კანონიერად უნდა მივიჩნიოთ.
უკვე სამი წელია ამ ტაქტიკას მიჰყვება ქართული ოპოზიცია, მუდმივად ცდილობს სახელმწიფო გადატრიალებას და თუ ამას ვერ ახერხებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ახერხებს საკმარის ხალხის მოტყუებას, მასობრივი გამოსვლების და არეულობის მოსაწყობად.
ცოტა უცნაურია, ამერიკაში ასეთი არეულობის მომწყობებს, აშშ-ის პრეზიდენტის 2020 წლის არჩევნების შედეგებში ეჭვის შემტანებსა და ამის გამო იქაურ პარლამენტზე თავდამსხმელებს, დემოკრატიული ამერიკა მრავალწლიან პატიმრობას უსჯის, ხოლო აშშ-ის დემოკრატიის გამფეტიშებელი ქართველი ოპოზიციონერები საქართველოში იმავეს ან უარესის ჩადენისათვის დაპატიმრებულ მოძალადეებს პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებს და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
ვინაიდან სახელმწიფო გადატრიალება (რომელსაც რევოლუცია დაერქმეოდა) ვერ ხერხდება, დასახული მიზნის მისაღწევად, არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელიწადში დესტრუქციული ძალები ცდილობენ ყველა საშინაო და საგარეო რესურსის მობილიზებას.
ახლახან ნინო ლომჯარიასთვისაც შეუქმნიათ ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია.
„მთავარმა არხმაც“ გამოაცხადა, ნაცების ტელევიზია აღარ ვართო.
ოპოზიციის „ევროპულ- დემოკრატიული, კეთილშობილური-პატრიოტული, უფლებადაცვითი, ჰუმანური“ და კიდევ მრავალ კარგ დაპირებებში შეფუთული, პირადი ინტერესების რეალიზებისთვის, საჭიროა, არჩევნების გზით „პრორუსული“ ხელისუფლება შეიცვალოს.
უნდა დააჯერონ ქართველი ამომრჩევლები, რომ ოპოზიცია სიკეთეა, ხელისუფლება - ბოროტება, ოპოზიცია პროდასავლურია, ხელისუფლება - პრორუსული, ხელისუფლება წარსულია, ოპოზიცია - მომავალი, ოპოზიციონერობა პატრიოტობაა, პროხელისუფლეობა - მოღალატეობა და ა. შ. და ა. შ.
აგერ, მთელი ევროპა სიხარულით და სიყვარულით ეგებება სალომე ზურაბიშვილს, ხელისუფლებას კი კიცხავს უკრაინისადმი არასაკმარისი მხარდაჭერისა და მრავალი სხვა გამოგონილი მიზეზის გამო.
ამიტომ, თუ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მისცემენ, ეს სალომეს და ოპოზიციის (და მათ ზურგს უკან მდგარი ქართველი ხალხის) დამსახურება იქნება, ხოლო თუ სტატუსს არ მისცემენ, ამის მიზეზი „პრორუსული“ ხელისუფლება იქნება, რომელიც სალომეს ევროპისკენ სწრაფვის გამო იმპიჩმენტს უწყობს. მერე რა, რომ ის კონსტიტუციას არღვევს, მას ხომ საქართველოს ევროპისკენ წაყვანა უნდა?
მოკლედ, მზად უნდა ვიყოთ, რომ ქართულ პროპაგანდისტულ მედიაში ამ წლის ბოლომდე ყოველ დღე და ყოველ წუთს იტრიალებს ჯერ ეს მესიჯები, ხოლო შემდეგ არჩევნებამდე დარჩენილ 9-10 თვეში იქნება პედალირება იმაზე, რომ ხალხს უნდა ევროპაში, ხელისუფლებას კი უნდა რუსეთში.
დიდი ალბათობით, საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემენ მრავალი დათქმით, ანუ მრავალი პირობის შესრულების მოთხოვნით, რათა ეს მოთხოვნები დროშად გაიხადოს ოპოზიციამ ერთწლიან წინასაარჩევნო პერიოდში.
მაგალითად, იქნება მოთხოვნა, რომ თუ ევროპაში გინდათ, საქართველოში აუცილებლად უნდა ჩატარდეს გეიპარადები, ერთი მინისტრი მაინც უნდა გყავდეთ ღიად ტრანსგენდერი, გეი ან ლესბოსელი, ან სულაც ასეთი კატეგორიის პოლიტიკოსებისთვის უნდა დაწესდეს კვოტა პარლამენტში მოხვედრისთვის.
ერთი სიტყვით, წინ დიდი ბრძოლა გველის. ამ ბრძოლაში საქართველოს ყველა დემოკრატიული ძალისა და პატრიოტის მთავარი იმედი ის გამოცდილებაა, რომელიც ჩვენმა ხალხმა საკუთარ თავზე გადაიტანა 2004-2012 წლებში და რომლის გამოც ამ ხალხის უმრავლესობა არასოდეს ისურვებს ნაცფაშისტების ხელისუფლებაში დაბრუნებას.
ცუდია ის, რომ ნაცფაშისტების ბევრი საერთაშორისო ლობისტი სწორედ ნაცფაშისტებს ეძახის პროევროპულებს, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დამცველებს, რის გამოც, იმ ქართველებისთვის, ვისთვისაც ეს პროპაგანდისტები ამ მავნე კლიშეეების თავს მოხვევას ახერხებენ, ქართველ ხალხს ევროპასაც აძულებენ და დემოკრატიასაც. ვინც ამას იჯერებს, მათი უმრავლესობისთვის ნაცფაშისტების სახეში განსხეულებული ევროპაც და დემოკრატიაც არა მარტო მიუღებელი, არამედ საძულველიც ხდება.
არადა, ნაცფაშისტების დამახასიათებელი რომ შავრაზმელობა, პოპულიზმი, ფარისევლობა და ბელადომანიაა, ეს თვითონ გიგა ბოკერიამაც კი განაცხადა დღეს საჯაროდ. ვის-ვის და, გიგა ბოკერიას ნაცების შეფასება ნამდვილად დაეჯერება“, - წერს ნანა კაკაბაძე.