საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გასვლითი ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ღირებული პარტნიორის მნიშვნელობას.
„ჩრდილოატლანტიკური საჭოს სხდომა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მაქსიმალურად დროულად მოხდეს იმ შეთანხმებების იმპლემენტაცია, რომელიც მიღწეულ იქნა ვარშავის სამიტზე.
ვიზიტის პროგრამა მოიცავს შეხვედრების ფართო სპექტრს, რომლებზე განხილული იქნება აბსოლუტურად ყველა საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია NATO-საქართველოს ურთიერთობებისათვის.
NATO-საქართველოს საბჭოს შეხვედრა საქართველოში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პროცესის შეუქცევადობას, რომელსაც საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია ჰქვია. რადგან, როგორც წესი, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გასვლითი ვიზიტები არაწევრ სახელმწიფოებში არ ხდება და ამავე დროს, ეს საბჭოს მეოთხე ვიზიტია საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ღირებული პარტნიორის მნიშვნელობას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საერთო უსაფრთხოებაში", - განაცხადა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.
ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს დღეს ეწვია. დელეგაციას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში კი, შედიან NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩები. NATO-საქართველოს კომისიის სხდომა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
ხვალ დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილისა და NATO-ს გენერალური მდივნის ორმხრივი შეხვედრა. საქართველოს პრეზიდენტი გენერალურ მდივნის მოადგილეს ალექსანდრ ვერშბოუს ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვებს.
გაიმართება ასევე საქართველოს პრეზიდენტისა და NATO-ს გენერალური მდივნის შეხვედრა NATO-ს მუდმივ წარმომადგენლებთან.
დაგეგმილია ასევე, საქართველოს პრეზიდენტისა და NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია.