დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 29 აგვისტოს თბილისში მოსული უხვი ნალექის შედეგად, 300-მდე მისამართზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ცხელი ხაზი, გამგეობებისა და საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.
„29 აგვისტოს მოსულმა უხვმა ნალექმა ძალიან დიდი პრობლემა შექმნა დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში, კონკრეტულ უბნებში. როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, ამ სამ საათში მოსულმა ნალექმა, მოცულობით მინიმუმ ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს მოსულ ნალექს. სტიქიის შედეგად დაზიანდა სახურავები, სადარბაზოები, შლამით გადაივსო სანიაღვრე და წყალარინების ქსელები, ასევე, დაზიანდა გრუნტის დამჭერი კედლები, განსაკუთრებით ნაძალადევის რაიონში. რამდენიმე კერძო სახლიდან, მათი ავარიულობის გამო, გავიყვანეთ ადგილობრივი მცხოვრებლები.
მთელი ღამის განმავლობაში, ჩვენი სამსახურების, გამგეობების წარმომადგენლები მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ დახმარებოდნენ ყველა იმ ადამიანს, ვისაც პრობლემა შეექმნა. 29 აგვისტოს 21:00 საათიდან 30 აგვისტოს დღის ბოლომდე, უამინდობასთან დაკავშირებით, ცხელ ხაზზე 600-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა. არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ დაგვიტოვებია. ყველგან ვიყავით მისული და შევაფასეთ არსებული მდგომარეობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, უხვი ნალექის შედეგად, 300-მდე მისამართზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა და უახლოეს პერიოდში ყველაფერი მოწესრიგდება და აღდგება.
„უხვი ნალექის შედეგად, დედაქალაქში 300-მდე მისამართზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა. რაიონების მიხედვით, დაზიანებული ობიექტები განაწილდა შემდეგნაირად: გლდანი - 136; ნაძალადევი - 114; საბურთალო - 92; ვაკე - 78; სამგორი - 65; დიდუბე - 49; ისანი - 30; მთაწმინდა - 24; კრწანისი - 19; ჩუღურეთი - 19.
საჭიროა ჩვენი მხრიდან ჩართულობა, მოწესრიგება, კონკრეტული პროექტების განხორციელება. თანხები უკვე გამოყოფილია და ყველაფერი მოწესრიგდება. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფილია თანხები. გამგეობებისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში დაიწყებენ მუშაობას“, - განაცხადა თბილისის მერმა.