"ვის შეიძლება ჰქონდეთ ინტერესი, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი? ეს არის რადიკალური ოპოზიცია. ამას ვერც მალავენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ ხომ სუბიექტური ინტერესიც გვაქვს, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ პოლიტიკურად ეს გვამაგრებს, ჩვენს რეიტინგს კიდევ უფრო მეტად ამაგრებს და ა.შ.", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ გაიხსენა გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ევროპული რეკომენდაციების შესრულების შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც იმაზე ნაკლები პუნქტი იყო ჩათვლილი შესრულებულად, ვიდრე ევროკავშირის ანალოგიურ დასკვნაში.
„მაგალითად, ევროვიზია როცა ტარდება, საქართველოდან არ შეიძლება ქართველს მისცე ხმა. ეს ძალიან ლოგიკურია, იმიტომ რომ რაც არ უნდა უნიჭოდ გამოვიდეს შენი ქვეყნის წარმომადგენელი, აუცილებლად მიიღებს 10 ქულას. რატომ? იმიტომ რომ ელემენტარული პატრიოტული ამბავია, რომ თუ გინდა მაქსიმალურად მაღალი ადგილი დაიკავოს შენი ქვეყნის წარმომადგენელმა, ამ შემთხვევაში უპირობოდ აძლევ 10 ქულას. ძალიან მარტივია ეს ყველაფერი, პატრიოტიზმის ამბავია.
აქ საქმე ეხება კიდევ უფრო მნიშვნელოვან მოვლენას, ვიდრე არის ევროვიზია და მუსიკალურ კონკურსში გამარჯვება. საქმე ეხება ისტორიულ გადაწყვეტილებას, მათივე [ოპოზიციის] შეფასებით, რომ ქვეყანამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. წარმოიდგინეთ, რომ არის რაღაც ჟიური, სხვა ქვეყნები, რომლებიც გიწერენ უფრო მაღალ ქულას, ვიდრე ეს ადამიანები საქართველოდან. აქედან ხომ ჩანს, რომ პატრიოტიზმი არის ნული და მათ აქვთ ერთადერთი ინტერესი - ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ისინი გულშემატკივრობენ კანდიდატის სტატუსის არმიღებას საქართველოს მიერ“, - განაცხადა კობახიძემ.