"წარმოიდგინეთ რომ უახლოესი 7-8-9 თვის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი იწყალებს მიხეილ სააკაშვილს. ამით ხომ პირდაპირ აჩვენებს ის, რომ მისთვის სკამი უფრო ძვირფასია ვიდრე სახელმწიფო ინტერესი, ამაზე ხომ ვერ წავა? ამიტომ აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი მგონია ყველა ის სპეკულაცია, რომელიც უკავშირდება შეწყალების თემით ვაჭრობას", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
[„ნაციონალური მოძრაობის“] წევრები არიან კონსტიტუციაზე მოძალადე ადამიანები და დღესაც ამას მიჰყვებიან. ისინი სალომე ზურაბიშვილს არამარტო აკრიტიკებდნენ რაღაც ქმედებებისთვის, ისინი ამბობდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო აგენტი, რეზიდენტი, მოღალატე. ეს ხომ ქმედება არ არის? ეს არის სტატუსი, მდგომარეობა, რომელიც არ იცვლება. ერთხელ თუ ხარ აგენტი, რჩები აგენტად. საკმაოდ პრობლემური მოცემულობა აქვს „ნაცმოძრაობას“: ან უნდა აღიარონ რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, იგივე 2018-2019 წელს ატყუებდნენ 3 მილიონ ადამიანს, ან სხვა ნაბიჯი უნდა გადადგან. მერე შეიძლება აღმოჩნდეს - რუსულს რომ ეძახიან „ქართულ ოცნებას“, ამასაც ატყუებდნენ 3 მილიონ ადამიანს და ა.შ. ამიტომ ეს იმპიჩმენტი სინამდვილეში ძალიან ურთულებს „ნაცმოძრაობას“ მდგომარეობას და ასევე სალომე ზურაბიშვილს და რატომ: როდესაც კენჭისყრაზე გამოვა ეს საკითხი, იქ ძალიან მარტივად გაშიშვლდება ის კოორდინაცია რაც არსებობს სალომე ზურაბიშვილს და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის. ამიტომ ეს არის ჩვენთვის წაუგებელი პროცესი და პირველ რიგში ეს ქვეყნისთვის არის წაუგებელი პროცესი რადგან კონსტიტუციის დაცვა არის ის, რაც სჭირდება ქვეყნის მყარ, სტაბილურ განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.