"თავის დროზე კანდიდატის სტატუსის არმინიჭება ქვეყნისთვის დაბლოკა იმან, რასაც ჩვენ ვეძახით გლობალურ ომის პარტიას. ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები - იყო კონკრეტული ინტერესი იმისა, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, "- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, გლობალური ომის პარტიისთვის ძალიან მარტივია ევროკავშირში მანიპულირება, იმიტომ რომ 27 ქვეყანა ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
მისივე განმარტებით, გასული წლის ივნისის შემდეგ ვითარება შეიცვალა.
„იყო რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა, როგორც საქართველოში, ასევე ჩვენ გარშემო და მაშინ იყო უფრო მყარი იმედი იმისა, რომ ვიღაც მოახერხებდა აქ ვითარების არევას, რევოლუციის მოწყობას, საქართველოს ომში ჩართვას. დღეს ეს მოცემულობა ქვეყნის შიგნითაც და ჩვენ გარშემოც არის რადიკალურად შეცვლილი. აქედან გამომდინარე, დღევანდელი მოცემულობით, გლობალური ომის პარტია მხოლოდ წააგებს იმით, თუ ჩვენ არ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი.
რა თქმა უნდა, ისინი შფოთავენ იმაზეც, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენ სერიოზულად გაგვამაგრებს და ამიტომ მთელი მათი აგენტურა სწორად ამაზე საუბრობს - ხალხს მიეცით სტატუსი და არა ხელისუფლებას და ა.შ. მაგრამ საბოლოო ჯამში, დღეს გლობალური ომის პარტიისთვის ბევრად მეტი მინუსი აქვს კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას საქართველოსთვის, ვიდრე პლუსი“, - განაცხადა კობახიძემ.