logo_geo
eng_logo
კახა კალაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ოპოზიციამ სათითაოდ ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას იმ ბინძური კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ
- +

7 სექტემბერი. 2023. 15:19

 

 

„თანამდებობრივი სტატუსის მიუხედავად, ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანაბრად აგებს პასუხს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სტრასბურგის სასამართლოს მიერ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. 

 

როგორც მან აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების პარალელურად, ყველას ახსოვს ევროპარლამენტარების მხრიდან გაკეთებული ის განცხადებები, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციას უკავშირდებოდა.

 

„ესეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა იმისა, რომ ხელისუფლება დგამს სწორ ნაბიჯებს, იცავს კანონს და კონსტიტუციას. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა სტატუსი აქვს, არანაირი აბსოლუტურად. შეიძლება დღეს იყო პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, გარკვეული თანამდებობის პირი, მაგრამ კანონის წინაშე ყველანი ვართ თანასწორი. შესაბამისად, როდესაც ეს გადაწყვეტილებები მიიღეს, ყველას გვახსოვს, თუ რამხელა შემოტევა მოდიოდა უცხოეთიდან და ვინ იყვნენ ეს ადამიანები. შეგვიძლია, არქივიდან ამოვიღოთ მასალები, თუ რა განცხადებები კეთდებოდა მაგალითად, იმ კონკრეტული ევროპარლამენტარების მხრიდან, რომლებიც გვეუბნებიან, თითქოს საქართველოს მეგობრები არიან და გული შესტკივათ ჩვენს ხვალინდელ დღეზე, ქვეყნის ევროინტეგრაციაზე და ა.შ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბოდიში უნდა მოუხადონ საზოგადოებას იმ ბინძური კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ.

 

„რეალურად, აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ ამას, ეს ადამიანები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მეხოტბეები, რომელთაც აქვთ კონკრეტული ინტერესი, რომ როგორმე - ყველანაირი ბინძური მეთოდით, მოხდეს ქვეყნის ხელისუფლების გადაგდება, ჩამოშორება. გავიხსენოთ თუნდაც იგივე, სააკაშვილის „შემოგორება“ საქართველოში და მთელი ის კამპანია, რომელსაც ვისმენდით. ხომ გახსოვთ, სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილთან მიმართებაში რა გადაწყვეტილება მიიღო? იგივეა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. რა თქმა უნდა, უნდა შერცხვეთ ამ ადამიანებს, უნდა დალაგდნენ სათითაოდ და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას იმ ბინძური კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ, მაგრამ მათ არანაირი სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ - აქვთ კონკრეტული დავალება და ცდილობენ ამ დავალების შესრულებას. ეს არის მარტივი მოცემულობა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner