„NATO-ში გაწევრიანება არის საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნება და მთავრობა აკეთებს ყველაფერს ამ არჩევანის განხორციელებისთვის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა NATO-საქართველოს კომისიის სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა განმარტა, საქართველო გააგრძელებს მის ხელთ არსებული პრაქტიკული მექანიზმების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს და დააჩქაროს პოლიტიკური გადაწყვეტილება ქვეყნის საბოლოო გაწევრიანების შესახებ.
„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს საქართველოში.
მინდა, მივესალმო წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს და მადლობა გადავუხადო საქართველოს მხარდაჭერისთვის.
ბატონო გენერალურო მდივანო, მინდა, ასევე მადლობა გადაგიხადოთ დამოუკიდბელობის აღდგენის 25 წლისთავის იუბილეს მოლოცვისთვის. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, სახელმწიფოებრივი მშენებლობის თვალსაზრისით.
ეს შეხვედრა არის NATO-ს ვარშავის სამიტზე დაწყებული უმნიშვნელოვანესი პროცესის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიოანობის პროცესის ამაღლებას და ქვეყნის გაწევრიანებისთვის მომზადებას. NATO-ში გაწევრიანება არის საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნება და მთავრობა აკეთებს ყველაფერს ამ არჩევანის განხორციელებისთვის.
დღეისთვის, ჩვენს რეგიონში და ზოგადად ევროატლანტიკურ არეალში შექმნილია საკმაოდ რთული უსაფრთხოების გარემო. გამოწვევები, რომელბიც დღეს დგას ჩვენს წინაშე, არის ასიმეტრიული ხასიათის და მოითხოვს ახლებულ მიდგომებს. ამ კონტექსტში, NATO-ს, როგორც ყველაზე წარმატებულ ალიანსს, განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრება.
NATO-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ამ ეტაპზე არის უაღრესად დინამიური და ალიანსი აქტიურად არის ჩართული საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში. უკანასკნელ პერიოდში ჩვენ ალიანსთან ერთად განვახორციელეთ NATO-საქართველოს ორი ძალზედ წარმატებული პროექტი: წვრთნისა და შეფასების ეროვნული ცენტრი და თავდაცვის ინსტიტუციონალური აღმშენებლობის სკოლა. ჩვენ მადლობელი ვართ წევრი ქვეყნების მიერ ამ და სხვა ერთობლივი პროექტების განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. NATO-ს ვარშავის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის პრაქტიკული მხარდაჭერის ახალი პროექტების შესახებ და დღეს ჩვენ ვიმსჯელებთ ამ პროექტების განხორციელების თაობაზე.
ქართული მხარე ჩართულია შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე NATO-ში უკანასკნელ პერიოდში დაწყებულ სტრატეგიულ დისკუსიაში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ შავის ზღვის რეგიონი და საქართველო არის ევროპის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი და შესაბამისად, ევროპული უსაფრთხოება წარმოუდგენელია ამ რეგიონში სტაბილურობის გარეშე.
საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, აქტიურად მონაწილეობს NATO-ს სამხედრო მისიებში და ღირსეული წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში.
საქართველო გააგრძელებს მის ხელთ არსებული პრაქტიკული მექანიზმების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს და დააჩქაროს პოლიტიკური გადაწყვეტილება ქვეყნის საბოლოო გაწევრიანების შესახებ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.