„პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის დაწყება საქართველოს ევროპულ მომავალთან არანაირ კავშირში არ არის და მოგიწოდებთ, რომ არ შეიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პრეზიდენტის მიმართ დაწყებულ იმპიჩმენტზე საუბრისას განაცხადა.
„ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთდა ძალიან ცალსახა, გასაგები განცხადება, როგორც პარლამენტის მხრიდან, ისე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან. შესაბამისად, დავრჩეთ ამ გაკეთებულ განცხადებებში. სამართლებრივად არაერთხელ განიმარტა, შავით თეთრზე წერია კონსტიტუციაში და შესაბამისად, ყველა ვალდებულია, თითოეული მოქალაქე, თითოეული პასუხისმგებელი პირი, საქართველოს უმთავრეს კანონს პატივი სცეს. ჩვენ ყველა ვალდებული ვართ, რომ პატივი ვცეთ და შევასრულოთ საქართველოს კონსტიტუცია“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურების დასაწყებად დოკუმენტები მზად არის. საპროცედურო კომიტეტს მმართველი გუნდი ხელმოწერებს დღეს წარუდგენს. კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობას დაადგენს. შემდეგ კი, დოკუმენტები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა. სალომე ზურაბიშვილი ისევ დუმს. იმპიჩმენტზე არაფერს ამბობს და კონსტიტუციის დარღვევით, ნებართვის გარეშე შეხვედრებს განაგრძობს.