„სტრასბურგის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ, გავლენა უნდა იქონიოს ნებისმიერი რადიკალის ქცევაზე და კარგად გაითავისონ, რომ როდესაც ისინი არღვევენ კანონებს, მათ აუცილებლად დაეკისრებათ შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის განხილვაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ეს არის ევროპული ღირებულება, რომ სამართალი უნდა აღსრულდეს კანონის მტკიცე დაცვით. მსგავსი ტიპის მოქმედებებზე მათ მოუწევთ ხელის აღება“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, საინტერესოა, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განმარტება ამ საკითხზე, შესაძლებელი იყო თუ არა სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა.
„ასევე საინტერესოა იმ ხალხის პოზიცია, რომლებიც იმ მოვლენებს უწოდებდნენ დიქტატურის დამყარებას, სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების აბუჩად აგდებას, ისინი ნიკანორ მელიას აცხადებდნენ პოლიტიკურ პატიმრად. ახლა, როდესაც ევროპული მასშტაბით დადასტურდა ხელისუფლების მოქმედებების კორექტულობა, საინტერესოა როგორ შეაფასებს ეს ხალხი ამას. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მიჩვეული ვართ ხელისუფლების მითვისების მცდელობებს. მათ ვერ გაითავისეს, რომ ხალხმა რამდენჯერმე უთხრა უარი ხელისუფლებაში მოსვლაზე“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განხილვა საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - სასამართლომ საქმეზე არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.