„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე ასპინძის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს შეხვდა.
პირველი შეხვედრა ასპინძის ამომრჩეველთან მაღალმთიანი სოფლებით დაიწყო: ჭობარეთი, ზველი, ივერია, ოშორა. დეპუტატობის კანდიდატმა მოკლედ მიმოიხილა ,,ქართული ოცნების" მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული, ხალხზე ორიენტირებული პროექტები - უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები, უფასო საბავშვო ბაღები, საყოველთაო ჯანდაცვა.
გედევან ფოფხაძემ ასევე ისაუბრა მთის კანონზე, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტზე სრულად ვრცელდება. იგი გლობალურ საკითხებსაც შეეხო: სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვას, სამართლიანობისა და თავისუფლების ხარისხის გაზრდას ქვეყანაში.
„საქართველოს მშვიდი, სწრაფი, სტაბილური განვითარება სჭირდება. სამშობლოს მარტო ხელისუფლება ვერ მიხედავს, მას ხალხმაც უნდა მიხედოს, ამიტომ უნდა დავდგეთ ერთად, ვინაიდან ერთად ბევრს შევძლებთ", - აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა.
გედევან ფოფხაძემ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინა, რაც ძირითადად სოციალურ და ყოფით საკითხებს შეეხებოდა: გზა, სარწყავი წყალი, გაზიფიცირება.
„მე ვხედავ და გულთან მიმაქვს თქვენი პრობლემები, ყველანაირად ვეცდებით, რომ ორ-სამ წელიწადში თქვენ გქონდეთ საბავშვო ბაღი, თუმცა ყველაფერი ერთად ვერ გადაწყდება. მაგალითად, გაზიფიცირება, უპირველესად ცენტრალურ მაგისტრალთან არსებულ სოფლებში მოხდება. მინდა, გჯეროდეთ, ჩემი უმნიშვნელო დაპირება გაცილებით რეალური იქნება, ვიდრე სხვისი გულუხვი შემოთავაზება. ჩვენ უნდა დავსახოთ რეალური, სწორი გზა, რომ ხალხი არ დარჩეს მოტყუებული და იმედგაცრუებული",- განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.
გედევან ფოფხაძე ასპინძელებს დეპუტატის ბიუროსთან არსებული სკონსტიტუციო დარბაზის შექმნას დაჰპირდა, სადაც მათ საკუთარი პრობლემების გახმოვანება შეეძლებათ.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში წარბასთუმნის, არლისა და უდეს მოსახლეობას შეხვდა.
„ჩვენ ეს შეხვედრები საშუალებას გვაძლევს, პრობლემების სწორი იდენტიფიცირება მოვახდინოთ, რათა შემდგომში მათ მოგვარებაზე ვიმუშაოთ. დღეს , საქართველოს საკუთარი მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა ჰყავს, რომლის საქმიანობის მთავარი პრინციპი გამჭვირვალობა და ღიაობაა. ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საწინდრია", - განაცხადა გიორგი კოპაძემ.