„თუკი რაიმეს გაკეთება შეიძლება ახლა, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს. უამრავ ადგილზე ხიდები დაზიანებულია, ყველგან მიდის სამუშაოები, მძიმე ტექნიკა არის მობილიზებული. ყველა ლოკაციაზე, სადაც ეს უბედურება მოხდა, ყველგან არიან მაშველები - თუკი რაიმე დახმარება იქნება საჭირო, საკმარისი ძალაა მობილიზებული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს გურიაში განუცხადა.
„ვითარება საკმაოდ მძიმეა, როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ამ რაოდენობის ნალექი მათ არ ახსოვთ. მთელი ღამის განმავლობაში იყო კოკისპირული წვიმა, რამაც, როგორც ჩანს, გაააქტიურა მეწყრული ზონები და მაგალითად, ჩოჩხათის თემში ექვსივე სოფელში არის ჩამოწოლილი რამდენიმე მეწყერი. ჩოჩხათის თემში ახლაც ეძებენ მოზარდს, რომელიც იყო სახლის გვერდზე მდგომ დამხმარე ნაგებობაში. ასევე მისი თანატოლია ნაპოვნი, 11 წლის ბავშვი, სილაურში კი ნაპოვნია 82 წლის ქალის ცხედარი. თანავუგრძნობ გარდაცვლილების ოჯახებს. უმძიმესი ტრაგედიებია, წელს ძალიან მძიმე წელია - ჯერ შოვი, ახლა ეს სიტუაცია. მძიმეა, როდესაც ადგილობრივს ვუსმენთ. თუკი რაიმეს გაკეთება შეიძლება ახლა, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს. უამრავ ადგილზე ხიდები დაზიანებულია, ყველგან მიდის სამუშაოები, მძიმე ტექნიკა არის მობილიზებული. ყველა ლოკაციაზე, სადაც ეს უბედურება მოხდა, ყველგან არიან მაშველები - თუკი რაიმე დახმარება იქნება საჭირო, საკმარისი ძალაა მობილიზებული. ხდება რისკების შეფასება და სადაც მეტი რისკია, მაშველი პირველ რიგში მიდის იქ. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაც საფრთხე ემუქრება და მას არ ეხმარებიან. ბუნებრივია, სადაც შედარებით ნაკლები საფრთხეა, იქ შეიძლება ოდნავ მოგვიანებით მივიდეს მაშველი. პირველ რიგში მაშველები მიდიან იქ, სადაც საჭიროა მყისიერი საფრთხის განეიტრალება. დამატებით გეოლოგებიც მუშაობენ, რადგან იმხელა ნალექია მოსული, რომ მან გააქტიურა მიძინებული მეწყრული ზონები და ამასთან დაკავშირებით ცალკე შეფასება კეთდება“, - აცხადებს მდინარაძე.
გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია ორი ცხედარი, ერთი პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.