logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ვთხოვ სტიქიის ზონაში მცხოვრებ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ტერიტორიის დატოვების რეკომენდაცია ეძლევა, მინიმალურ რისკსაც ნუ გაწევენ და ნუ ჩააგდებენ სიცოცხლეს საფრთხეში, ეთანამშრომლონ შესაბამის სამსახურებს
- +

9 სექტემბერი. 2023. 00:06

 

"ვთხოვ სტიქიის ზონაში მცხოვრებ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ტერიტორიის დატოვების რეკომენდაცია ეძლევა, მინიმალურ რისკსაც ნუ გაწევენ და ნუ ჩააგდებენ სიცოცხლეს საფრთხეში, ეთანამშრომლონ შესაბამის სამსახურებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გურიაში განაცხადა, სადაც სტიქიის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.

პირველ რიგში, ჩემი გულწრფელი სამძიმარი იმ მოზარდის ოჯახს, რომელიც ცოტა ხნის წინ იპოვეს სამსახურებმა. ძალიან მძიმე ისტორიაა. თავისი მეგობრები დააძინა თავის ოთახში, თვითონ დაიძინა დამხმარე ნაგებობაში ეს შენობა კი სრულად ჩაიტანა მიწამ. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია არაფერი. ერთადერთი, რაც შეგვიძლია არის ის, რომ დავაზღვიოთ რისკები. ყველას, ვისაც ამ წუთებშიც ეკონტაქტებიან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სთხოვენ, რომ დატოვონ ტერიტორია, მოვუწოდებ, გამოვიდნენ იმ ტერიტორიებიდან, სადაც მინიმალური რისკი მაინც არსებობს. მესმის მათი, არ უნდათ, დატოვონ სახლები. ბევრი მათგანი ამბობს, რომ ჰყავთ საქონელი და ვერ გამოდიან. ვთხოვ, მინიმალურ რისკსაც ნუ გაწევენ და ნუ ჩააგდებენ სიცოცხლეს საფრთხეში და ეთანამშრომლონ შესაბამის სამსახურებს. გამოიყვანენ და უზრუნველყოფენ ყველაფრით. როცა რისკი გადაივლის, შეფასება მოხდება ყველაფრის, დაბრუნდებიან საცხოვრებელ ადგილებზე, ან რისკი თუ ისევ იქნება, მიეცემათ კომპენსაციები და განსახლება მოხდება, როგორც წესი და რიგია“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ყველა მოქალაქე, რომელსაც სტიქიის შედეგად ზარალი მიადგა, კომპენსაციას მიიღებს.

ყველა ადამიანს, რომელსაც ზარალი მიადგა, კომპენსაციას ვპირდებით. ეს ისედაც ხდებოდა სარისკო ზონებიდან, ხალხს გადახდილი აქვს გარკვეული ანაზღაურება და სამწუხაროდ, არის ფაქტები, რომ იმავე სახლებში რჩებიან. ამჟამად მერი, შესაბამის სამსახურებთან ერთად, იმყოფება სოფელ ჩოჩხათში, სადაც არის სამი ლოკაცია, რომელიც მოწყვეტილია გარე სამყაროს. ერთ-ერთი ხიდი ისეა დაზიანებული, აღდგენაც კი შეუძლებელია. ცდილობენ იმ ადამიანების გამოყვანას, ვინც ეთანხმება გამოყვანას. არიან ისეთებიც, ვინც საშიშ ზონაში არ არის და დარჩებიან ადგილზე. ურთულესი მდგომარეობაა, თუმცა მაშველები ყველაფერს აკეთებენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner