გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის გუნდის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა გარემოსდაცვითი და კლიმატის საკითხები, საქართველოში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის გზები განიხილეს.
სოლომონ პავლიაშვილმა მსოფლიო ბანკის გუნდს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მსოფლიოს ბანკთან თანამშრომლობის შედეგად საქართველოში არაერთი პროექტი განხორციელდა, რაც მწვანე გარდაქმნისა და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„საქართველოს მთავრობისთვის გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების პრევენცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამისათვის დამტკიცდა კლიმატის ცვლილების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომლის შუალედური შეფასება 2023 წლის დასასრულს იგეგმება, ასევე მივიღეთ საქართველოს გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების კონცეფცია და ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) დოკუმენტი. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველო მუშაობს კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგი პოლიტიკის და ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვის მიმართულებით. ამასთან ერთად, საქართველო ეტაპობრივად გადადის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის ევროპულ სისტემაზე“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
მსოფლიო ბანკის გუნდის ხელმძღვანელმა პაოლა აგოსტინმა აღნიშნა, რომ ქართულ მხარესთან ერთად გარემოსდაცვითი და კლიმატის საკითხებზე მუშაობა პრიორიტეტულია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მწვანე ზრდის სტრატეგიას, საქართველოს მწვანე ეკონომიკის პოტენციალსა და შესაძლებლობებს, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების გზებს, კლიმატთან დაკავშირებულ საჯარო ხარჯების დადგენის, გაზომვისა და მონიტორინგის პროცესს, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის და ავტოტრანსპორტიდან ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს მსოფლიო ბანკის შავი ზღვის პროექტზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და თურქეთში შავი ზღვის პლასტიკური ნარჩენებით დაბინძურების დიაგნოსტიკა და დაბინძურებასთან ბრძოლის გზების გამოვლენის ღონისძიებები განხორციელების ფაზაშია.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.