კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ ლარნაკაში ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ (0:3) წაგების მიზეზებზე ისაუბრა.
„მეორე ტაიმში რამდენიმე შანსი გვქონდა. ამ დონეზე გოლების გაშვებას კარგი არაფერი მოაქვს. შოტლანდიამ პირველივე ნახევარში სამი გოლი გაგვიტანა და, რეალურად, თამაში ამით დასრულდა.
შოტლანდია სხვა დონის გუნდია და შემთხვევითი არ არის, რომ მათი მოთამაშეები ტოპ გუნდებში გამოდიან. ჩვენ კი ვეძებთ ფეხბურთელებს, რომლებსაც გუნდებში სათამაშო პრაქტიკა აქვთ. ეს თავის გამართლების საბაბი არ არის, თუმცა დღეისთვის, სამწუხაროდ, ასეთ ნაკრებებთან თანაბარი თამაში არ შეგვიძლია.
შეცდომები დავუშვით როგორც წინა მატჩებში, ასევე დღეს. ჩვენზე სწრაფები იყვნენ და ორთაბრძოლებს გვიგებდნენ. ვიცოდით, რომ ჯგუფში რთული შეხვედრები გველოდა. დარჩენილ თამაშებში წარმატების მიღწევას ვეცდებით.
კონცენტრაცია და სერიოზულობა დაგვაკლდა, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ნახევარი საათის შემდეგ წაგებული გვქონდა.
უნდა მოვემზადოთ ესპანეთთან მატჩისთვის, რომელიც ძალიან რთული იქნება. მათ საქართველოს ნაკრებს შვიდი გოლი გაუტანეს, მაგრამ მეტიც შეეძლოთ“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.