დღეს საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დაესწრო. მან პროფესიული დღე მიულოცა ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ თანამშრომლებს და მადლობა გადაუხადა პროფესიული მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულებისთვის.
„მსურს, დღევანდელი დღე მივულოცო დარგში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს, პირველ რიგში კი მათ, ვინც ამ წუთებში უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის სტაბილურ, უწყვეტ ენერგომომარაგებას“, - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.
საზეიმო ღონისძიება სიმბოლურად ისტორიული მნიშვნელობის ჰიდროელექტროსადგურის „ზაჰესის“ ტერიტორიაზე გაიმართა, რომელიც თითქმის 100 წელია ფუნქციონირებს. ღონისძიებას ენერგეტიკის სექტორის, სამთავრობო უწყებებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. რომეო მიქაუტაძემ დამსწრე საზოგადოებისთვის პრეზენტაცია გააკეთა, რომელშიც ქვეყნის ენერგეტიკის დარგში არსებული სურათი გააცნო, ისაუბრა კონკრეტულ მაჩვენებლებზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და პროექტები წარადგინა.
რომეო მოქაუტაძის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ელექტროენერგიის ადგილობრივმა გამომუშავებამ, ასევე ექსპორტმა გასული წლების ანალოგიური პერიოდის მაქსიმუმს მიაღწია.
როგორც მიქაუტაძემ აღნიშნა, 2012 წლიდან დღემდე საქართველოში აშენდა 64 ელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 1209 მგვტ-ს, ხოლო ინვესტიცია 1.896 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
„მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი იყო მთელი რიგი ფაქტორებით, როცა დაფიქსირდა ელექტროენერგიის რეკორდული ექსპორტი და ასევე რეკორდული გენერაცია - მათმა მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ამასთან, რომეო მიქაუტაძის განცხადებით, 2022 წლიდან გაფორმებულია 102 ხელშეკრულება, მათ შორის 68 ჰიდროელექტროსადგურის, 11 ქარის და 23 მზის ელექტროსადგურის პროექტია. აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან დღემდე საქართველოში 13 ჰიდროელექტროსადგური აშენდა, ხოლო მიმდინარე წლის ბოლოსთვის კიდევ მინიმუმ 7 ჰესის მშენებლობის დასრულება იგეგმება.
პრეზენტაციაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 მგვტ დადგმული სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მაღალეფექტური, ყველაზე დიდი თბოელექტროსადგურის პროექტის შესახებ, რომლის მშენებლობაზეც უკვე გამოცხადებულია ინტერესთა მოწვევა, ასევე განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის ახალ სქემასა და პირველ აუქციონზე, რომელიც 300 მგვტ სიმძლავრის ასათვისებლად ჩატარდა - მასში კერძო სექტორის მხრიდან ძალიან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა.
რომეო მიქაუტაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების მასშტაბურ პროექტს, ასევე საქართველოში მწვანე წყალბადის წარმოების განვითარების პერსპექტივებსა და ამ კუთხით ჩატარებულ სამუშაოებს.
„მსურს, ,ჩვენს ქვეყანას და ენერგეტიკის დარგს უფრო მეტი, ძლიერი, მძლავრი და მეტად დივერსიფიცირებული ენერგოობიექტები ვუსურვო“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დარგის დამსახურებული თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა - მათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.