„ყველაზე თვალსაჩინო იყო სააკაშვილის თითოეულ სასიყვარულო პაემნისთვის გამოყოფილი ადამიანური და მატერიალური რესურსი“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, სააკაშვილის მმართველობის დროს, მას და მის ოჯახს, ნათესავებს სახელმწიფო დაცვის სისტემა იცავდა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.
„საქართველოს უახლეს ისტორიაში სააკაშვილი იყო ერთადერთი პრეზიდენტი, ვისაც უპრეცედენტო რაოდენობისა და მრავალფეროვნების მქონე პირადი სახელმწიფო დაცვის სისტემა იცავდა პირადად მას, მეუღლეს, დედას, შვილებს, ბებიას, ბაბუას, ბიძას, ბიძაშვილებს და ა.შ. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე და რამდენიმე სტრუქტურული დანაყოფის ბაზაზე: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები.
ყველაზე თვალსაჩინო იყო სააკაშვილის თითოეულ სასიყვარულო პაემნისთვის გამოყოფილი ადამიანური და მატერიალური რესურსი. მე მხოლოდ ერთს მოვიყვან მაგალითად, 2007 წლის 8 აპრილის სააღდგომო ღამე. სამების საკათედრო ტაძარში „სპეცღონისძიებაა“. ისმის ბრძანება: „ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენციის მიმართულებით დილის 5 საათზე გადის ესკორტი“.
ბობოყვათში ესკორტი ჩავიდა დილის 8 საათზე. ეს კიდევ „გამარტივებული“ ღონისძიება იყო. თუ მაგალითად ბობოყვათში ლამაზმანთან უნდა გაეტარებინა დრო, ხოლო მანამდე ესადილა მასთან ერთად მესტიაში, ათეულობით სპეცმანქანა მიემართებოდა ამ ორივე ლოკაციის მიმართულებით, ცალკე მიფრინავდა ვერტმფრენი და ასეულობით თანამშრომელი იყო ჩართული ამ „სახელმწიფო მნიშვნელობის“ ღონისძიებებში.
2007 წლის 8 აპრილს კი მთავარსარდალი ბათუმში ჩაფრინდა თვითმფრინავით, იქიდან რეზიდენციამდე ესკორტით, ხოლო ბობოყვათში მას ელოდებოდა ვერტმფრენი, რომლითაც გვიან საღამოს ის შავნაბადას სამხედრო ბაზაზე უნდა დაბრუნებულიყო და როგორც აღმოჩნდა, სტუმართან ერთად. ბობოყვათში პრეზიდენტს წინა დღით იქ დაბინავებული სოფიო ნიჟარაძე ელოდებოდა, იმ მომენტისთვის ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი მომღერალი, მოსკოვის ოპერეტის თეატრის პრიმა, 2004-2006 წ.წ. ოპერეტა „რომეო და ჯულიეტაში“ ჯულიეტას პარტიის შემსრულებელი.
მესმის თქვენი. ჩემთვისაც ძალიან მიმზიდველია იმ ვარაუდის დაშვება, თუ რაოდენ „გემრიელად“ გამოიყურება ოპერატიული ვერსია, თუ როგორ „ჩაუდეს“ მთავარსარდალს მოსკოვიდან თავისი პერსპექტიული „გავლენის აგენტი“ იმ ძალზე მნიშვნელოვან (!) პერიოდში. მაგრამ, არ გავყვეთ ჩვენს კონსპიროლოგიურ თეორიებს, „სადა აქვთ“ რუსეთის სპეცსამსახურებს ამდენი ჭკუა. დავუბრუნდეთ სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯების ამ მხოლოდ ერთ ეპიზოდს - ათობით თანამშრომელი, თავისი კვების და ღამისთევის სამივლინებო ხარჯებით, თვითმფრინავი, ვერტმფრენი, საწვავი, სადილი, ვახშამი, სტუმრისთვის განკუთვნილი ძვირადღირებული საჩუქრები და ა.შ.
რატომ გამიგრძელდა ამ საზიზღრობის გახსენება.
გუშინ ჩემს ერთ-ერთ პატივსაცემ სტრუქტურას, „სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს“ მორიგ ჯერზე ბინძურად შეეხნენ. როდესაც ეს სამსახური სექტის „კანტორად“ იქნა ქცეული, სააკაშვილის ყოველ საცხოვრებელ სახლთან, დედამისთან, ბებია/ბაბუასთან ყველგან იყო განლაგებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მუდმივმოქმედი დაცვის ჯიხური, ამ ადამიანების უსაფრთხოებას ემსახურებოდა ცალკე დანაყოფები. აბა, ვინმეს ეცადა ბებიასთან ან შვილებთან მიახლოება...
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერის ოჯახი, შვილები ასევე წარმოადგენენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის ობიექტებს, ვერც ჯიხურს ნახავთ მშობლების სახლთან და არც უსაფრთხოების დამატებით ზომებს პრემიერი არ მიმართავს. სექსოკრატიული ავტორიტარული რეჟიმის დაცვის სისტემა ამ ქვეყანაში წარსულს ჩაბარდა. თავის დროზე, კავკასიის რეგიონში, მხოლოდ რამზან კადიროვის პირადი დაცვა აღემატებოდა სააკაშვილის დაცვას. რატომ აბიჯებენ სექტანტები და მათი „მედია“ ყოველ ჯერზე ისეთ დანაღმულ თემებს, თანაც ისეთი გაშმაგებული სიხარულით ჩემთვის ამოუხსნელი ფენომენია. დემენცია ჩვენში კი არა, თავის ბელადში და მის ლაქიებში მოიკითხონ“, - წერს ქართველიშვილი.