logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: თავად ქვეყანას ძარცვავდნენ, სახელმწიფოს ძარცვის ხარჯზე მილიონერები გახდნენ და ეს უტიფრები დღესაც „მორალურ მსაჯულებად“ გვევლინებიან
- +

10 სექტემბერი. 2023. 16:11

 

 

„სამწუხაროდ, ასე იყო და ასე გრძელდება - თავად ქვეყანას ძარცვავდნენ, კუპონებიდან დაწყებული - მიშას დოქტორ დოტის მასაჟებამდე დამთავრებული, სახელმწიფოს ძარცვის ხარჯზე მილიონერები გახდნენ და ეს უტიფრები დღესაც „მორალურ მსაჯულებად“ გვევლინებიან“, - ამის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„პრეზიდენტის „მერსედესი“

 

იცით, ხშირად რა მახსენდება?!

 

უნამუსო შავი პიარის პირველი მაგალითი, რომელმაც სათავე დაუდო სიცრუეს, სიბილწეს და ცილისწამების ნიაღვარს!

 

გაგახსენებთ!!!

 

გახსოვთ ალბათ - დიდ ზვიად გამსახურდიას რომ შეუჩნდნენ - საქართველოს პრეზიდენტს „მერსედესი“ რატომ ემსახურება!

 

- პრეზიდენტის „მერსედესიო“, - აღშფოთებული გმინავდა ე.წ. თბილისური „სასვეცკეთი“!!!

 

დაამხეთ, დაამხეთ ზვიადი - მას ხომ „მერსედესი“ ემსახურებაო - გაჰყვიროდა ბრბო!

 

კიოდა და წიოდა შავ „ვოლგებს“ მიჩვეული „წითელი ინტელიგენცია“ - როგორ გაბედა პრეზიდენტმა „მერსედესში“ ჩაჯდომაო!

 

მალევე მოაწყვეს კიდეც სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება!

 

ყველაზე სასაცილო (თუ სატირალი) ის იყო, რომ კანონიერი ხელისუფლების დამხობის ერთ-ერთ მიზეზად თენგიზ სიგუამ ის ძველი „მერსედესი“ დაასახელა, რომელიც პრეზიდენტს ემსახურებოდა!

 

„მერსედესის“ გამო პუტჩი განახორციელეს, მოაჯდნენ ქვეყანას, დააყაჩაღეს, გაძარცვეს, დაანგრიეს, გააპარტახეს ყველაფერი - ვანდალებივით გადაუარეს მთელ საქართველოს და ეს ყველაფერი იმ ხალხმა („მხედრიონმა“, შევარდნაძის კლანმა, სხვადასხვა ბანდიტებმა) გააკეთა, რომელიც პრეზიდენტის „მერსედესის“ გამო აღშფოთებას ვერ მალავდა!

 

ძარცვეს, ძარცვეს, ძარცვეს სახელმწიფო და თითოეულმა მათგანმა, რომლებმაც პრეზიდენტის „მერსედესის“ გამო გადატრიალება მოახდინა - ავტოფარეხები  არა მარტო ერთი „მერსედესით“, არამედ „მერსედესებით“ და ბევრად უფრო ძვირადღირებული  ავტომობილებით აავსო!

 

ძველი „მერსედესი“ ვერ აპატიეს იმ კაცს, რომელიც სამშობლოს თავისუფლებისთვის ეწამა, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და კუთვნილ ხელფასს უპატრონო ბავშვთა სახლს ურიცხავდა, საქართველოდან დევნილს თანმხლები პირებისთვის საჭმლის საყიდელი ფული არ აღმოაჩნდა  და უბრალოდ ადამიანური თუ სულიერი პატიოსნების სიმბოლო იყო!

 

სამწუხაროდ, ასე იყო და ასე გრძელდება - თავად ქვეყანას ძარცვავდნენ, კუპონებიდან დაწყებული - მიშას დოქტორ დოტის მასაჟებამდე დამთავრებული, სახელმწიფოს ძარცვის ხარჯზე მილიონერები გახდნენ და ეს უტიფრები დღესაც „მორალურ მსაჯულებად“ გვევლინებიან.

 

დიახ - ეს ის ხალხია (ან მათი შთამომავლები)  - პირველი და უკანასკნელი კანონიერი პრეზიდენტის ძველი „მერსედესი“ დღემდე რომ ვერ მოინელა და სამშობლოს ღალატი, შავი პიარი  ცხოვრების წესად აქცია“, - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner