ავტორი თაკო კვარაცხელია
„ყველა ბავშვი მხატვარია, პრობლემა კი ისაა, როგორ დავრჩეთ მხატვრებად მას შემდეგ, რაც გავიზრდებით“... გენიალური პაბლო პიკასოს ამ შეკითხვას, „რეპორტიორის“ დღევანდელი სტუმარი, ახალგაზრდა ქართველი მხატვარი ლიკა სარიშვილი უპასუხებს, რომელიც, ბავშვობის შემდეგ არათუ დარჩა მხატვრად, არამედ მხატვარი თავის თავში, სწორედ უკვე გაზრდილმა იპოვა და განავითარა...
- ლიკა, ძალიან მოკლე შეკითხვით დავიწყოთ ჩვენი საუბარი... როდის და როგორ მიხვდით, რომ მხატვარი ხართ?
- ყველაფერი ჩემმა ოჯახმა განაპირობა, მხატვრების ოჯახმა... მამა სამხატვრო აკადემიაში კითხულობდა ლექციებს, მე კი, ბავშვობიდან დავდიოდი სამხატვრო წრეებზე. ჩვენს ოჯახში მომსვლელი სტუმრებიც ძირითადად, მხატვრები იყვნენ და, პრაქტიკულად, მათ გარემოცვაში გავიზარდე. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი სიამოვნებისთვის ბავშვობიდან ვხატავდი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, მხატვრობა ჩემი ცხოვრების არჩევანი თუ გახდებოდა. სამხატვრო აკადემია გრაფიკული დიზაინის განხრით მაქვს დამთავრებული და წლების განმავლობაში, რეკლამის სფეროში ვიმუშავე, მხატვრობაში კი, პანდემიის დაწყების შემდეგ „გადავეშვი“, როცა მთელი მსოფლიო, პრაქტიკულად, სახლებში გამოვიკეტეთ. სოციალურ ქსელებში ვნახულობდი, რომ ბევრმა ადამიანმა დაიწყო ხატვა. ვიფიქრე, იქნებ მეც ვცადო-მეთქი... ვცადე და ვეღარც შევეშვი (იცინის). შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი თავი ვიპოვე და მას შემდეგ, არცერთ დღეს აღარ ჩაუვლია ხატვის გარეშე. ვმონაწილეობ გამოფენებში როგორც საქართველოში, ისე საქართველოს საზღვრებს მიღმაც. ძალიან ბევრი მიწვევა მაქვს ევროპიდან, აშშ-დან, მაგრამ, სამწუხაროდ, საკუთარი სახსრებით ჭირს ყველა მათგანში მონაწილეობის მიღება. სწორედ ამიტომ, არჩევანის გაკეთება მიწევს, რომელში მივიღო მონაწილეობა და რომელი გამოვტოვო. ეს ძალიან რთულია, თუმცა, იმედს არ ვკარგავ, რომ გამოჩნდებიან სპონსორები და ჩემს ნახატებს კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში გავგზავნი. მონაწილეობა მიღებული მაქვს კანადის, საფრანგეთის, ლუქსემბურგის, აშშ-ის გამოფენებში და ამ ყველაფრით ძალიან ამაყი ვარ!
- როდის შექმენით პირველი ტილო, იყო თუ არა რაიმე მოვლენა თქვენი პირველი ნახატის ინსპირაცია?
- საქართველოს მხატვართა კავშირში პიარ-მენეჯერად ვმუშაობდი, როცა გამოფენა დაიგეგმა საბერძნეთში და პირველად მასზე დასწრება მომიწია არა როგორც მხატვარს, არამედ როგორც პიარ-მენეჯერს. საბერძნეთში ნანახმა და განცდილმა ემოციებმა ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა! ამდენი მხატვრის ერთად ნახვამ, დამთვალიერებლების შთაბეჭდილებების გაზიარებამ, მათმა აღფრთოვანებულმა მზერამ... სწორედ თბილისში დაბრუნებულმა დავხატე პირველი ტილო. ცხოვრება კი მოულოდნელობებითა და შესაძლებლობებითაა სავსე, რადგან მოგვიანებით, საბერძნეთში უკვე როგორც მხატვარი ჩავედი და იქაურმა დამთვალიერებელმა ჩემი ნახატებიც იხილა.
- უცხოურ გამოფენებში მონაწილეობა და იქაურ ბაზარზე თავის დამკვიდრება ადვილი არ იქნება. როგორ მოახერხა ახალგაზრდა გოგონამ, პატარა ქვეყნიდან, ევროპისა და აშშ-ის გამოფენებში წარმატების მიღწევა?
- გარდა საბერძნეთისა, ჩემი ნახატები გამოფენილი იყო ბერლინში, ნიუ-იორკში, დუბაიში, სულ ბოლოს კი, ჩემი ტილოები გავგზავნე მადრიდში, თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო, პირადად ვერ მოვახერხე დასწრება. მიუხედავად ამისა, გამოფენა საოცნებო შედეგით დასრულდა და ესპანურ მხარესთან ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. კონტრაქტის მიხედვით, ჩემი ათი ნამუშევარი დაიდება და გაიყიდება მათ საიტებზე და ესპანურმა მხარემ საკუთარ თავზე აიღო, რომ ერთი წლის განმავლობაში ისინი იზრუნებენ ჩემი ნახატების გაყიდვაზე. ეს ყოველივე ადვილი მისაღწევი ნამდვილად არ არის და ამაში ძალიან დამეხმარა სოციალური ქსელები, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამი“. თავდაპირველად „ინსტაგრამს“ დიდ ყურადღებას არ ვუთმობდი, თუმცა, საბოლოო ჯამში, სწორედ ამ პლატფორმამ გამიხსნა საზღვარგარეთის გზა. უცხოური მხარე თავად ნახულობს ჩემს ნახატებს და თავად მიკავშირდებიან. სხვათა შორის, ერთ უცნაურ გარემოებასაც გეტყვით, თუ შენ თავად უკავშირდები რომელიმე გალერეას, ისინი არასოდეს გპასუხობენ წერილზე, მაგრამ, როცა ისინი თავად აღმოაჩენენ შენს ნახატებს, გიკავშირდებიან, გაგზავნინებენ პორტფოლიოს და არჩევენ იმ ნახატებს, რომლებზეც ფიქრობენ, რომ გაიყიდება.
- რა არის ის, რისი ხატვაც ყველაზე მეტად გსიამოვნებთ, სადაც პოულობთ საკუთარ თავს და რისი გადმოცემაც გავსებთ ემოციით?
- ძირითადად პეიზაჟების, ქალაქების, აბსტრაქციების ხატვა მიყვარს. ფიგურებს ძალიან იშვიათად ვხატავ, ადამიანების ხატვას კი, რატომღაც ვერიდები... მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ, სამწუხაროდ სხვადასხვა ქვეყნის დათვალიერებას ხშირად ვერ ვახერხებ, სწორედ ამიტომ, ემოციებს ნახატებით გადმოვცემ. ვმუშაობ აკრილში, ტილოზე, ამ ბოლო დროს პასტელის გამოყენებაც დავიწყე. ზეთში ვერ ვმუშაობ, რადგან გაშრობას დიდი დრო სჭირდება, მე კი, ემოციით ვმუშაობ, ამისთვის საუკეთესო საშუალება აკრილია - მალე შრება. როცა ტილოსთან ვჯდები, წინასწარ არასოდეს ვიცი, რას დავხატავ.
- ქალაქების ხატვა მიყვარს, თუმცა ბევრ ქალაქში არ მიმოგზაურიაო, ამბობთ... როგორ ხატავთ ქალაქებს, რომლებიც არასოდეს გინახავთ?
- ერთადერთი, რაც დამიხატავს ისე, რომ რეალობაშიც ნანახი მქონდა, ეს ყაზბეგია, გერგეტის სამება. ეს ადგილი ჩემი სულიერი სიმშვიდის ადგილია, სადაც წელიწადში ერთხელ მაინც ჩავდივარ, რათა ემოციურად შევივსო. სხვა ყველა ქალაქი რომელიც დამიხატავს, წარმოსახვითია, თავიდან ბოლომდე, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი... მათში ჩემი ფიქრები, ჩემი ოცნებებია გაერთიანებული, ანუ ეს ქუჩები, ეს ქალაქები რეალობაში არ არსებობენ. ისინი მხოლოდ ჩემს ფიქრებსა და წარმოსახვაშია აღბეჭდილი.
- როცა თქვენს ბავშვობაზე ისაუბრეთ, ოჯახის გავლენა და მამა ახსენეთ... თუმცა, ოჯახის წევრების გარდა, ალბათ, გყავდათ კუმირები, რომელთა მხატვრობამაც, თქვენს შემოქმედებაზე განსაკუთრებულად იმოქმედა?
- რა თქმა უნდა. ესენი არიან ელენე ახვლედიანი, ზურაბ ნიჟარაძე და დავით კაკაბაძე. მათმა შემოქმედებამ ჩემზე, ჩემს გემოვნებაზე, ჩემს მხატვრობაზე განსაკუთრებული გავლენა იქონია... ამ გენიალურ შემოქმედებს სულ პატარა დეტალებიც კი ისე სადად, ისე ლამაზად, ისეთი სისავსით აქვთ გადმოტანილი ტილოზე, რომ მათი ნახვა, ყოველ ჯერზე გაოცებასა და აღფრთოვანებას იწვევს. მათ ნახატებს რომ დააკვირდეთ, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, თითქოს საქმე სტატიკურ კადრთან კი არა, მოძრავ, სულიერ სამყაროსთან გაქვს... ამ გენიალური მხატვრების ხელწერა განუმეორებელია!
- ლიკა, რა დროს ანდომებთ ერთი ტილოს შექმნას და რა გრძნობაა, როცა ტილოზე ბოლო ხაზი გაისმება?
- შეიძლება, ერთი მოზრდილი ტილო ერთ საათში დავხატო, მაგრამ შემდეგ, ერთი კვირა ან მთელი თვეც კი, ვეღარ დავხატო მომდევნო... ხატვა იმდენად დამღლელი პროცესია, იმდენად მცლის ემოციებისგან, იმდენი ნიუანსია გასათვალისწინებელი, ისეთი დაკვირვება სჭირდება ფერების შერჩევას, დეტალების აღქმას, დამუშავებასა და გადმოტანას, რომ ერთი ნახატის დასრულების შემდეგ, დიდი პაუზა და დასვენება მჭირდება. ასეთ დროს კი, მშველის გერგეტის სამება და ჩემი საყვარელი ყაზბეგი.
- თქვენ თანამედროვე მხატვრობის წარმომადგენელი ხართ. რამდენად სერიოზულად აღიქვამს მნახველი თანამედროვეობას, თუ მუდმივად ხდება მისი შედარება წარსულთან, წარსულ დიდებასთან და ისეთ მქუხარე სახელებთან და გვარებთან, რომელთა ნაწილიც, თქვენ თქვენი ინსპირაციის წყაროებადაც დაასახელეთ?
- სიმართლე გითხრათ, მსგავსი დამოკიდებულება უფროსი ასაკის კოლეგებისგან არასოდეს მიგრძნია, მაგრამ აი, დამთვალიერებლისგან - კი. სწორედ ესაა ალბათ იმის მიზეზი, რომ საქართველოს ბაზარზე გასასვლელი გზა ნაკლებად ვიპოვე და ევროპამ (და არამარტო ევროპამ) მეტად შეამჩნია ჩემი შემოქმედება. ქართველ დამთვალიერებელს სიზუსტე უყვარს, უყვარს, შეხედოს ტილოს და მასზე კონკრეტული გამოსახულება დაინახოს, ჩემს ტილოებს კი, დიდხანს ყურება, დაკვირვება და აღქმა სჭირდება, რომ დაინახოთ ფიგურები, ქალაქები... ეს აბსტრაქციები ჩემი ემოციებია და მათი აღქმა ადამიანის წარმოსახვაზეა დამოკიდებული. მე, როგორც მხატვარი, თითოეულ მნახველს ვუტოვებ საშუალებას, ჩემს ტილოზე ფიგურები საკუთარი წარმოსახვით დაინახოს.
- ლიკა, ინტერვიუს დასასრულს, თქვენი ოცნებები და სამომავლო მიზნები რომ გაგვიმხილოთ...
- აუცილებლად უნდა გავიკვალო გზა, ვთქვა ჩემი სათქმელი მხატვრობაში და მატერიალურადაც მყარად უნდა დავდგე ფეხზე, რომ შემდეგ, როგორც კი ამის საშუალება მექნება, დავეხმარო მათ, ვინც დღეს ჩემსავითაა. იმ ხელოვანებს, რომლებსაც აქვთ მიწვევები, პოტენციალი, წინსვლისა და განვითარების საშუალება, აუცილებლად დავაფინანსებ და ხელს შევუწყობ, რომ აისრულონ ოცნებები!