„ის, რაც ამ დღეებში გურიაში მოხდა, ფაქტობრივად შოვის ტრაგედიის გაგრძელებად იქცა - აღვავლენთ ლოცვებს მათ უკვდავ სულთათვის“, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.
„სტიქიურმა უბედურებებმა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც მოიცვა. უხვმა ნალექმა დიდი ზარალი მიაყენა კახეთს, მაგრამ ის, რაც ამ დღეებში გურიაში მოხდა, ფაქტობრივად შოვის ტრაგედიის გაგრძელებად იქცა.
დიდად ვწუხვართ ყმაწვილების, თორნიკე ჩხარტიშვილისა და იური (გიორგი) გუჯაბიძის, ასევე ქალბატონ თინათინ რუხაძის გარდაცვალების გამო, რომელნიც ჩამოწოლილმა მეწყერმა შეიწირა.
აღვავლენთ ლოცვებს მათ უკვდავ სულთათვის, რათა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ იგინი სავანესა მართალთასა განაწესოს, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს შინაგანი ძალა ამ ტკივილის დასაძლევად და რწმენაში გასაძლიერებლად.
ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს გურია, მისი მკვიდრნი და სრულიად საქართველო“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.